ზეთისხილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

ზეთისხილი, ბაღი, აგროტექნოლოგია, გაშენება

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის მოსახლეობა ხშირად სვამს კითხვებს ზეთისხილის გაშენების, მოვლა-მოყვანისა და ექსპლოატაციის საკითხებზე, აქვე განმარტავენ იმასაც, რომ ამ დალოცვილ მიწაზე ჩაი, ციტრუსი და მრავალი სხვა სუბტროპიკული კულტურა ხარობს და ზეთისხილი რატომ არ უნდა ხარობდესო.

ზეთისხილი (Olea Europaea L) მეტად ძვირფასი კულტურაა, ამიტომ ყველა ქვეყანა სადაც შესაძლებელია მისი გაშენება, აწარმოებენ მის მოყვანას და საექსპორტო პროდუქციის წარმოებას. ზეთისხილი ერთ-ერთი კულტურაა, რომელიც ძვირფას მცენარეულ ცხიმს (ზეთს) იძლევა. ზეთისხილის ნაყოფი შეიცავს 35%-მდე მაღალხარისხოვან ზეთს.

ზეთი მდიდარია ძვირფასი ნივთიერებებით. შეიცავს 5,24%-ცილას, 51,9 % ცხიმს; 10,5% უაზოტო ექსტრაქტულ ნივთიერებებს; 30% წყალს და 2,34% ნაცარს. ზეთისხილისაგან მარტო ზეთს როდი ღებულობენ, მისი როგორც მწიფე, ისე დაუმწიფებელი მწვანე ნაყოფებისაგან მზადდება მწნილები, მარინადები და კონსერვები.

ზეთისხილისებრთა სახეობებიდან ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს კულტურულ ზეთისხილს, თუმცა არსებობს საკმაოდ გავრცელებული ველური ზეთისხილი (Olea Oleaster)

კულტურული ზეთისხილის ხე მარადმწვანეა, სიმაღლით აღწევს 5-8, ზოგიერთ შემთხვევაში 15-22 მეტრს. ვარჯი უმეტეს შემთხვევაში გაშლილია, ხშირად ოვალური და არასწორი, უხვად შეფოთლილია. ფოთლები ლანცეტისებურად მოგრძო ოვალური ფორმის, კიდემთლიანი და ტყავისებურია. ზეთისხილის ფოთლები წყლის ნაკლებობას იტანს, ამიტომაცაა, რომ ზეთისხილის ძირითადი სამრეწველო ფართობები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშია წარმოდგენილი. ყვავილი ორსქესიანია, ნაყოფი კურკოვანია, ოვალური ფორმის, იშვიათად მომრგვალო, ჯერ მწვანე, შემდეგ მოწითალო, ხოლო მომწიფებისას მოლურჯო შავი შეფერილობით. ჯიშების მიხედვით წონა 4-15 გრამამდე.

ზეთისხილი, მწიფე, ნაყოფი

ზეთისხილის ბიოეკოლოგიური თავისებურებანი

ზეთისხილის მცენარე გამოირჩევა სიცოცხლის ხანგრძლივობით, რაც დაახლოებით 1500-2000 წელს აღწევს. ზეთისხილი სითბოს მოყვარული, მშრალი სუბტროპიკული ჰავის მცენარეა, მოითხოვს ხანგრძლივ ცხელ ზაფხულს და ტენიან გრილ ზამთარს. მისი ყინვაგამძლეობა -17-200C ფარგლებშია.

ზეთისხილის ნორმალური ზრდისა და ნაყოფის დასამწიფებლად საჭიროა აქტიურ ტემპერატურათა ჯამი – 3600-40000C. ყვავილობისა და გამონასკვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 22-280C. ზეთისხილი ნორმალურად ვითარდება და მსხმოიარობს იქ, სადაც ნალექების წლიური ჯამი 600-700 მმ-ია. ზეთისხილისათვის საუკეთესოა კარგად დრენირებული ქვეთიხნარი, ქვექვიშნარი, წყალგამტარი, ფხვიერი და ჰუმუსიანი ნიადაგები.

ზეთისხილი ცუდად ვითარდება და თითქმის არ მსხმოიარობს მჟავე ნიადაგებზე. დასავლეთ საქართველოში ზეთისხილის სუსტი განვითარების და მოუსავლიანობის ძირითადი მიზეზები სწორედ ბევრი ნალექები და ნიადაგის მჟავე რეაქციაა, თუმცა ერთეული ნარგაობის სახით ეს კულტურა მაინც გვხვდება ამ ზონაში, როგორც საუკეთესო მარადმწვანე დეკორატიული მცენარე. ზეთისხილის გავრცელებას დიდი არეალი აქვს. მისი გავრცელების საზღვარია ჩრდილო განედის 450 და სამხრეთ განედის 370. სამრეწველო ნარგაობები ყველაზე მეტადაა წარმოდგენილი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. პირველი ადგილი უჭირავს ესპანეთსა და იტალიას, ბევრია აგრეთვე საბერძნეთში, პორტუგალიაში, თურქეთში, ტუნისში და სხვა.

ზეთისხილი, ბაღი, გაშენება

საქართველოში ზეთისხილი რამდენიმე ასეული წლის წინათ იყო ცნობილი, ურთას მთაზე, ასევე ცალკეული ხნიერი ხეები გვხვდება ბაღდათში, ჩოხატაურში, სენაკში, ხობში, თერჯოლაში, ახალ ათონში, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. გასული საუკუნის 40-50 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობდა ახალი ათონის ზეთისხილის ფსირცხის საბჭოთა მეურნეობა. ასევე ზეთსხილის საუკუნოვანი ხეებითაა გარემოცული ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი.

ზეთსხილის ჯიშები: გასულ საუკუნეში ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე (საქართველო, აზერბაიჯანი, ყირიმი) ზეთისხილის გავრცელებას სერიოზული ყურადღება ექცეოდა. შესაბამისად შერჩეული იყო ჯიშები ცალკეული რეგიონებისათვის დამახასიათებელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

თბილისური – ზეთისხილის ეს ჯიში გავრცელებული იყო ახალ ათონში, სოხუმსა და ყირიმში. ჯიში ხასიათდებოდა დაბალი და მაღალი ტემპერატურებისადმი კარგი ამტანობით, უხვი მსხმოიარობითა და დაავადებათა და მავნებლის მიმართ გამძლეობით.

სოხუმური – გვხვდება სოხუმსა და ახალ ათონში, ხასიათდება მაღალი ტემპერატურებისადმი , უხვი ნალექებისა და მავნებლებისადმი კარგი გამძლეობით

ახალ-ათონური– გვხვდება ახალ ათონში, სოხუმსა და ყირიმში, ხასიათდება დიდი ნალექების, მაღალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში უხვი მსხმოიარობით

თოლგომური – უმეტესად გავრცელებულია ახალ ათონში, ხასიათდება მაღალი და დაბალი ტემპერატურებისადმი კარგი ამტანობით, მსხვილი ნაყოფებით და ზეთის მაღალი შემცველობით

ოთური – გვხვდება ახალ ათონში, სოხუმის, თერჯოლის და ბაღდადის რაიონებში. ხასიათდება მსხვილი ნაყოფით, ზეთის მაღალი შემცველობით, ყინვისა და გვალვის ამტანობით.

ყირიმული ჯიშებიდან ცნობილია ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში გამოყვანილი: ნიკიტის 1, ნიკიტის 2, ნიკიტის 5, ნიკიტის 6, ყირიმული 12;

აზერბაიჯანული ჯიშებია: შავი ზეითუნი, აზერბაიჯან ზეითუნი, შირინ-ზეითუნი, ყარა-ზეითუნი, არმული ზეითუნი.

თუ თვალს გადავავლებთ ზეთისხილის ზემოთ დასახელებულ ჯიშებს ისინი ქართული სელექციის სერიოზული მონაპოვარია, თუმცა ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური და საბაზრო ეკონომიკური მოვლენების ფონზე ზეთისხილის სამრეწველო განვითარებას წერტილი დაესვა. დღეისათვის ქვეყნის შიდა ბაზარი გაჯერებულია ამ კულტურის იმპორტირებული პროდუქციით ზეთის სხვადასხვა სახეობითა და დაკონსერვებული ნაყოფის ჩათვლით.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა მისასალმებელია ცალკეული კომპანიების, ბიზნესმენების ინიციატივა, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით თბილ და ტენიან რეგიონებში საფუძველი ეყრება ზეთისხილის ახალი პლანტაციების გაშენებას და ნაყოფის სამრეწველო გადამუშავებას.

ზეთისხილი, ბაღი, გაშენება

მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

ზეთისხილი მრავლდება თესლით, მყნობით, დაკალმებით, ამონაყრებით და გადაწვენით. თესლით გამრავლება ფართოდ არ გამოიყენება, რადგან ნათესარები გვიან იწყებს მსხმოიარობას და ძალზე წვრილ ნაყოფებს იძლევა. ამჟამად ძირითადად მიღებულია ზეთისხილის თესლნერგზე მყნობით  და კალმით გამრავლება, თუმცა უპირატესობა მაინც მყნობით გამრავლებას მიეკუთვნება.

დასამყნობად ვარგისი თესლნერგების მიღება წარმოებს ზეთისხილის კურკის უშუალოდ გრუნტში თესვის შედეგად. სანერგეში მყნობის შედეგად სტანდარტული ნერგი მიიღება 3-4 წლის შემდეგ. სტანდარტულად ითვლება ნერგი, რომლის სიმაღლე 1-2 მეტრია, სიმსხო ფესვის ყელთან 2-2,5 სმ და აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა.

საზღვარგარეთის ქვეყნებში (იტალია ესპანეთი, თურქეთი) ზეთისხილის სტანდარტული ნერგები გამოყავთ 3-4 კგ-იან სუბსტრატით სავსე პოლიეთილენის პარკებში.

აღნიშნული მეთოდი ძალზე პროგრესულია, რითაც იოლდება ნერგების ტრანსპორტაბელობა, შენახვა, დარგვა და გახარება. ზეთისხილის ასეთი ნერგები უკვე შემოდის საქართველოშიც, რომელთაც ფართო მომხმარებელი ყავს. მათ შორის სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტულ ბაზებზე (ანასეულში) გამოცდას გადის ზეთისხილის თურქული რამდენიმე ჯიში. ასევე გათვალისწინებულია საქართველოში შემორჩენილი პერსპექტიული ჯიშების მოძიება, გამრავლება და გაშენება.

ზეთისხილი, ბაღი, გაშენება

ზეთისხილის ბაღის გაშენება

ზეთისხილის გასაშენებლად კარგია ვაკე და 30-მდე დაქანების ფერდობები. უპირატესობა ენიჭება უფრო ნაკლებად დაქანებულ ფერდობებს. გაშენების ზონაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი უნდა იყოს 3600-40000C, მინიმალური ტემპერატურა -12-150C.  აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეთისხილი ვერ ეგუება დიდი რაოდენობით ნალექებს.

ვაკე და 120-მდე დაქანებულ ფერდობებზე ტარდება პლანტაჟი 45-60 სმ სიღრმეზე, დიდი დაქანების ფერდობებზე უნდა მოეწყოს 3-4 მ. სიგანის ტერასები. ორმოები მზადდება 50X50 სმ. რგვა ტარდება 6X8, 8X8, 10X10, 12X12, 10X14 მ. კვების არეებით, ჯიშების ზრდის სიძლიერის, ნიადაგური პირობებისა და ექსპოზიციის მიხედვით.

ახალგაზრდა ასაკში, როდესაც მცენარე განივითარებს 6 ან 8 ძირითად ტოტს და შტამბის სიმაღლე მიაღწევს 140-180 სმ-ს აწარმოებენ ხის ვარჯის გამოყვანას, პერიოდულად მიმართავენ გასხვლას.

ზეთისხილის ნარგაობაში შეაქვთ ორგანული და მინერალური სასუქი NPK (ამოფოსკა) 1-1,5 კგ. ძირზე. კირით ღარიბ ნიადაგებში შეიძლება გამოვიყენოთ მოკირიანება ნიადაგის ქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.

ზეთისხილის კულტურის გაშენებით დაინტერესებულ პირებს, ბენეფიციარებს, კომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ზეთისხილის სტანდარტული ნერგები და ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიით გააშენონ იგი საკარმიდამო ნაკვეთებზე, როგორც ინდივიდუალური, ასევე სამრეწველო პლანტაციების სახით. საქართველოს ნიადაგურ კლიმატური პირობები გვაძლევს იმის სრულ გარანტიას, რომ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მიკროზონებში კვლავ ავაღორძინოთ ეს ღვთაებრივი კულტურა.

მოსავლის აღება

ზეთისხილის ნაყოფის კრეფას იწყებენ იმის მიხედვით, თუ რა მიზნისათვის არის გათვალისწინებული მისი გამოყენება. ზეთის მისაღებად ან შავად დასამწნილებლად გათვალისწინებული ნაყოფი უნდა მოიკრიფოს სრულ სიმწიფეში-ნოემბერ-დეკემბერში. მწვანედ დასამწნილებლად კი მომწიფებამდე აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფის გადამუშავების ორი უმთავრესი წესი არსებობს: დამწნილება-დაკონსერვება და ზეთის გამოწურვა.

ზეთისხილი, მოსავალი, ბაღი, გაშენება

დამწნილება-დაკონსერვებისას საჭიროა ნაყოფს მოსცილდეს მწკლარტე მომწარო გემო, რაც ხორციელდება დამწნილებული ზეთისხილისათვის 3-4-ჯერ მწარე წვენის გამოცვლით. 1,5-2 თვის შემდეგ ნყოფი სიმწარეს კარგავს და ვარგისია საჭმელად.

ზეთისხილი, ბაღი, გაშენება

ზეთის გამოხდა მხოლოდ მწიფე ნაყოფებისაგან ხდება. არსებობს ზეთის გამოხდის სხვადასხვა წესი: ცივი დაწნეხით მიიღება საუკეთესო ხარისხის პროვანსის ზეთი, ხოლო შემდგომი ცხელი დაწნეხით ე.წ. ზეითუნის ზეთი.

ზეთისხილი, ზეთი

საქართველო ოდითგანვე აწარმოებდა ახალი კულტურების მოძიებას და ქვეყანაში  მათ ინტროდუქციას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს სუბტროპიკულ ზონაში უამრავი ასეთი კულტურა ხარობს და იძლევა მოსახლეობისათვის სასურველ სამომხმარებლო თუ საექსპორტო პროდუქციას, მათ შორისაა ზეთისხილიც, ვიზრუნოთ ამ კულტურის რეაბილიტაციისა და ახალი ნარგაობის გაშენების აუცილებლობაზე.

ოცდამეერთე საუკუნეში ,,ქართული ზეთისხილი“ პირველი კომპანიაა (დამფუძნებელი გიორგი სვანიძე), რომელმაც ზეთისხილის კულტურა უცხოეთიდან შემოიტანა და 2009 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ეტაპობრივად გააშენა კერძოდ: სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ტარიბანაში, ბაღდადში და მარნეულში. მოგვიანებით კი კომპანიის თაოსნობით ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც აშენდა, რომელიც პროდუქციას 2017 წლიდან უშვებს. საწარმო ორი სახეობის ზეთს აწარმოებს – პრემიუმ კლასს და გოლდენს. დაგეგმილია ზეთისხილის დაკონსერვებული სახითაც გამოშვება. კომპანიამ ქართული ზეითუნის ზეთის წარმოებაში 7 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო.

ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და სახელმწიფო პროექტის ,,სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, რომელშიდაც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია. დღეისათვის ბაღი 1000 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გაშენებული. სამომავლოდ, ფართობების გაორმაგება კომპანიასთან ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ერთადაა დაგეგმილი.

ზეთისხილი, ბაღი, გაშენება

2019 წელს ქალაქ მარაკეშში გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად 2020 წლის ივლისში საქართველომ, როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, პირველად ონლაინ სხდომა გამართა, რომელსაც 45 ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ,,საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა. ქვეყანაში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“. აქვე ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ზეთისხილის კულტურას დეგრადირებული ნიადაგის აღდგენის ხელშეწყობის და კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირების უნიკალური თვისება აქვს, მითუმეტეს , როდესაც გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე საქართველოში ნავარაუდევია აქტიურ ტემპერატურათა ჯამის თანდათანობით მომატება, ამ ფონზე ზეთისხილის კულტურის გავრცელების არეალი კიდევ უფრო გაიზრდება.

ავტორები: ზ. გაბრიჩიძე; ი. ბასილია; ნ. გუნთაძე.