თურქეთიდან ფსტას (ფისტა) ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ახალი მოსავლის ბაზარზე გამოჩენა მწარმოებლებს ექსპორტის გააქტიურების იმედს აძლევს.
მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თურქეთმა მსოფლიოს 75 ქვეყანაში 80,91 მილიონი დოლარის ღირებულების ფსტა (ფისტა) გაიტანა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ექსპორტიორთა კავშირის (GAİB) მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში ფსტას ექსპორტის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 178 მილიონი დოლარი შეადგინა, პროდუქცია კი 94 ქვეყანაში გაიტანეს.
გასული წლის იანვარ-სექტემბერში ფსტას ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 151,8 მილიონ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 46,7%-ით შემცირდა და 80,91 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში თურქული ფსტას უმსხვილესი იმპორტიორი კვლავ იტალია იყო, სადაც 19,2 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა. წამყვან იმპორტიორთა სამეულში ასევე შედიან გერმანია — 13,7 მილიონი დოლარით და ყაზახეთი — 7,7 მილიონი დოლარით.
ახალი მოსავალი ექსპორტის ზრდის იმედს იძლევა
თურქეთის ფსტას მწარმოებელთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელმა ფარუკ აკბაშმა სააგენტო „ანადოლუსთან“ საუბრისას განმარტა, რომ ექსპორტის შემცირება წარმოების ბუნებრივ ციკლს უკავშირდება. მისი თქმით, 2026 წელი ფსტას მოსავლიანობის თვალსაზრისით ე.წ. „მეჩხერმოსავლიანი“ წელია, რასაც გასულ წელს არსებული არახელსაყრელი ამინდებიც დაემატა.
აკბაშის განცხადებით, რთული კლიმატური პირობებისა და ფსტის მოყვანასთან დაკავშირებული შრომატევადი სამუშაოების მიუხედავად, ფერმერებმა მოსავლის აღება წარმატებით დაასრულეს. ახალი სეზონის პროდუქცია კი ბაზარზე უკვე გამოჩნდა.
„თურქული ფსტა თავისი გამორჩეული არომატითა და ხარისხით საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს, მათ შორის შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში. ახალი მოსავლის გაყიდვაში ჩაშვება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლო კვარტალში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, — განაცხადა აკბაშმა. კავშირის ხელმძღვანელის თქმით, მწარმოებლების მთავარი მიზანია მსოფლიო ბაზარზე თურქეთის წილის გაზრდა და ფერმერებისთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა. ამ მიზნით მუშაობა გრძელდება ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც.

