სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების გამოწვევები

სურსათის, უვნებლობის, რისკის, გამოწვევები

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაესი ორგანოს (EFSA) ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისთვის, სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების გამოწვევებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების კუთხით არსებულ სიტუაციასა და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურმა საქართველოში არსებული რისკის შეფასების კრიტიკული გამოწვევები და ამ გამოწვევების გადაჭრის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები წარადგინა.

„ჩვენი ცენტრი უკვე მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს EFSA-სთან, გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან და დასავლეთის სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებთან, რაც საქართველოში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე – ევროპული სტანდარტების რისკის შეფასების კვლევების შემუშავების მცდელობისკენ, რაც, ცხადია, გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი სამუშაო შეხვედრა საშუალებას მოგვცემს ზუსტად ამ მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ორიენტირი“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასოციაციების, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, EFSA-ს, ევროკომისიის ორგანოების (DG-SANTE, DG-NEAR), გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის და აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნების რისკის შეფასების სტრუქტურების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის და შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებით ეკისრება.

თქვენი რეკლამა