სომხეთში, რეგიონში შოკოლადის ყველაზე დიდი ქარხანა გაიხსნება. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა, სამშაბათს სამშენებლო მოედნის მონახულების შემდეგ სოციალურ ქსელში განაცხადა.
პაპოიანმა აღნიშნა, რომ ინვესტორი, შვედური კომპანია Wellar Group (რომელიც ფლობს ერევანში არსებულ საკონდიტრო ქარხანას), პროექტში 145 მილიონ ევროს ჩადებს და 2000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
სამუშაოების უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია (ინვესტირებულია 120 მილიონი ევრო). წარმოების სრული დატვირთვის გაშვება სამი წლის განმავლობაში იგეგმება, რის შემდეგაც მისი დღიური სიმძლავრე 200 ტონას მიაღწევს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიამ ისარგებლა აღჭურვილობის იმპორტზე საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებით, ასევე წარმოების ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის სუბსიდიებით.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სომხეთმა 20 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საკონდიტრო ნაწარმი ექსპორტზე გაიტანა, საიდანაც 12 მილიონ დოლარზე მეტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე (მათ შორის 11 მილიონი დოლარი რუსეთზე) მოდის.

