
სკანდინავიური ქვეყნების ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სატყეო მეურნეობაზე. სტოკჰოლმი და ჰელსინკი ევროკავშირის შეზღუდვებს „გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ“ ცნებად მიიჩნევენ.
ფინეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, მოუწოდეს, გადახედოს ევროკავშირის რეგულაციებს სატყეო მეურნეობაზე და სატყეო მეურნეობის კლიმატის ცვლილებაზე გავლენასთან დაკავშირებით.
2018 წელს ძალაში შესული კანონის თანახმად, ევროკავშირის თითოეული ქვეყანა ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი ტყეები თავად არ იქცეს გამონაბოლქვის წყაროდ. გარდა ამისა, ბიომასაზე დაფუძნებული ენერგია (მაგალითად, ხის ნაფოტები) შეიძლება ჩაითვალოს მწვანედ, განახლებად და მდგრადად, თუ ტყის ჭრა მდგრადი გზით ხორციელდება.
თუმცა, ბოლო წლებში ბრიუსელმა ეჭვქვეშ დააყენა ბლოკის ორ ყველაზე ტყიან ქვეყანაში ტყის მეურნეობის მდგრადობა: ტყეები მოიცავს შვედეთის ნახევარზე მეტს და ფინეთის სამ მეოთხედს.
„ფინეთში ტყეების გაჩეხვა იმდენად ინტენსიურია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტყის სექტორმა ატმოსფეროში იმაზე მეტი სათბურის აირი გამოყო, ვიდრე დარჩენილ ტყეებს შეუძლიათ შთანთქან“, – განუცხადა Euronews-ს არასამთავრობო ორგანიზაცია Fern-ის ევროპული ტყის კამპანიის ხელმძღვანელმა კელსი პერლმანმა. „შვედეთში ტყის დიდი ნაწილი დარგული ტყეებით შეიცვალა – მყიფე მონოკულტურებით, რომლებსაც მავნებლები სერიოზულად ემუქრებათ“.
ორივე ქვეყნის მთავრობა ხე-ტყის ჭრის შემზღუდავ, ევროკავშირის მოქმედ წესებს უსაფუძვლოსა და გაუმართლებელს უწოდებს: „ხე-ტყის ჭრის შემცირებას სერიოზული შედეგები მოჰყვება ჩვენი ეკონომიკისა და შრომის ბაზრებისთვის და ასევე სერიოზულად იმოქმედებს ხე-ტყის მიწოდებაზე მთელ ევროკავშირში“, – წერენ პრემიერ-მინისტრები.
ნეგატიურ ფაქტორებს შორის პოლიტიკოსებმა აღნიშნეს მასშტაბური ტყის ხანძრები, ქერქის ხოჭოების შემოსევები და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგები, რაც არაპროგნოზირებადად ხდის ხე-ტყის ბაზარზე არსებულ ვითარებას.
წყარო: euronews.com