შუა დერეფნის ერთობლივ საწარმოს ჩინური კომპანია შეურთდა

შუა, დერეფანი

საქართველოსა, აზერბაიჯანის და ყაზახეთის ერთობლივ საწარმოში ჩინური კომპანია გაწევრიანდა.

ბაქოში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა AZCON Holding-ის შემადგენლობაში შემავალი აზერბაიჯანის რკინიგზის სს-ს (AR) თავმჯდომარე როვშან რუსტამოვს, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს და სს „ყაზახეთის თემირ ჟოლის ეროვნული კომპანიის“ საბჭოს თავმჯდომარე ტალგატ ალდიბერგენოვს შორის.

აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal Ltd (შუა დერეფნის მულტიმოდალური შპს) შვიდთვიანი საქმიანობის შედეგები, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციებს შორის შუა დერეფნის განვითარებაზე ეფექტური თანამშრომლობის მიზნით.

მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის შესაძლებლობების გაფართოების კერძოდ, გაწეული მომსახურების გაციფროვნების აქტიური ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის შუა დერეფნის მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის დინამიური ზრდა შეინიშნება. 2024 წელს ჩინეთიდან 287 ბლოკ-მატარებელი იქნა მიღებული, ხოლო მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ამ მაჩვენებელმა უკვე 225 ბლოკ-მატარებელს მიაღწია. ეს თითქმის 2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წლის ბოლოსთვის 400-ზე მეტი ბლოკ-მატარებლის მიღებაა მოსალოდნელი. მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ბლოკ-მატარებლებმა სულ 24 ათასი TEU ტვირთი გადაიტანეს, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შეხვედრაზე განიხილეს ჩინური კომპანია China Railway Container Transport Corp. Ltd.-ის (CRCT) განზრახვა, შეუერთდეს ერთობლივ საწარმო Middle Corridor Multimodal Ltd.-ს და გაცვალეს მოსაზრებები ამ ნაბიჯის მნიშვნელობაზე შუა დერეფნის განვითარებისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ-აღმოსავლეთის მარშრუტით ტრანსპორტირებისთვის.

შეხვედრის დასასრულს, CRCT-ის ერთობლივ საწარმოში გაწევრიანება ერთხმად დამტკიცდა და ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ერთობლივი საწარმოს „Middle Corridor Multimodal Ltd.“-ის ფარგლებში, მიზნად ისახავს შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვის უწყვეტი, საიმედო და ეფექტური ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, ხოლო ჩინური კომპანიის მიერთება ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერების გადაზიდვის ორგანიზების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

წყარო: zerkalo.az

თქვენი რეკლამა