სომხეთი ირანიდან თხევადი გაზის იმპორტს აპირებს

ირანი, სომხეთი, გაზი

სომხეთი ირანიდან თხევადი გაზის იმპორტის კვოტის მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ დივერსიფიკაცია სომხეთის ბაზარზე ფასების შემცირებას გამოიწვევს.

სომხეთი ირანიდან თხევადი გაზის იმპორტის კვოტის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორკ პაპოიანმა განუცხადა.

როგორც პაპოიანმა აღნიშნა, მან პირადად მიმართა ირანის მრეწველობის, მაღაროებისა და ვაჭრობის მინისტრს, მოჰამედ ატაბაკს, სომხეთისთვის კვოტის გამოყოფის თხოვნით.

„ეს მნიშვნელოვანი საკითხია მომარაგების დივერსიფიკაციისთვის. ახლა გაზს მხოლოდ ერთი მიმართულებით ვიღებთ, მაგრამ მის მიღებას ორი მიმართულებით შევძლებთ, რაც კონკურენციას გაზრდის და ფასებზე იმოქმედებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თხევადი გაზის მიწოდების ბოლოდროინდელმა შეფერხებებმა სომხეთში ფასების ზრდა გამოიწვია, თუმცა შიდა ბაზარზე რეალურად დეფიციტი არ არის – რუსეთში შესყიდვის ფასი არ შეცვლილა.

ამასობაში, საცალო ფასი ლიტრზე 120-დან 200 დრამამდე (0,32$ – 0,53$) გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ მთავარმა მომწოდებლებმა ისარგებლეს სიტუაციით და დაუსაბუთებლად გაზარდეს ფასი.

ამასობაში, კონკურენციის დაცვის კომისიამ, ანალიზის შედეგების შემდეგ, განაცხადა, რომ სომხეთში თხევადი გაზის ფასის ზრდა ბაზრის მონოპოლიით კი არა, გარე და სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.

თქვენი რეკლამა