ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის“ შეტანის საკითხი განხილვის საბოლოო ეტაპზე გადავიდა.
პარიზში, OIV-ის სათაო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო, სადაც „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის“ სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის საკითხმა სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვა. OIV-ის პროცედურების შესაბამისად, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2020 წელს.
საფრანგეთში ვიზიტის დროს ლევან მეხუზლამ ასევე მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში და შეხვედრები გამართა OIV-ის ხელმძღვანელობასთან.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წელს დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო) OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.
ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინოა: შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი” და საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო.
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში.