თავსისხლა (Sanguisorba officinalis – Кровохлебка лекарственная) განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. მისი გვარის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვებისაგან Sanguis “სისხლი”, Serbere – “შეწოვა”, რაც მის სისხლის შესაჩერებელ თვისებებზე მიუთითებს.
თავსისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი 1 მ სიმაღლის მცენარეა. ფესვთა სისტემა შედგება ჰორიზონტალური ფესურებისა და მსხვილი ფესვებისაგან. ღერო დატოტვილია, რთული ფოთლებით. ფესვთანური ფოთლები მსხვილია, ყუნწიანი, კენტფრთისებრი, აქვთ 7-25 წილაკი, ფოთლები შიშველია, ზევიდან მუქი მწვანე, ქვევიდან – მონაცრისფრო-მწვანე.
მუქი მეწამული ფერის ყვავილები წვრილია, შეკრებილია ხშირ ოვალურ მოკლე თავთავისებრ ყვავილედებად, რომლებიც სხედან გრძელ საყვავილე ყუნწებზე. ყვავილები ორსქესიანია ან ბუტკოიანი, აქვთ პატარა ზომის მფარავი ფოთლები და ორი მფარავი ქერქლი. ყვავილს გვირგვინი არა აქვს, ჯამი მეწამული ფერისაა, ოთხგანყოფილებიანი.
ოთხი წითელი ფერის სამტვერე ძაფი მიმაგრებულია გაგანიერებული ფორმის მქონე თასისმაგვარი ყვავილსაჯდომის ნაპირზე. ნასკვი შუაა, ბუტკო ერთი, ნაყოფი მშრალია, რომელიც მოთავსებულია გახევებულ ყვავილსაჯდომში. ყვავილობს ივნისიდან-აგვისტომდე.
თავსისხლა გავრცელებულია სტეპებში, მდელოებში, ბარდებში. მთიან რაიონებში გვხვდება ზღვის დონიდან 800-დან 2000 მ-ის სიმაღლემდე.
სამკურნალო მიზნით აგროვებენ ფესურებსა და ფესვებს შემოდგომით. რეცხავენ ცივი წყლით, ჭრიან 10-15 სმ სიგრძის ნაჭრებად და აშრობენ. დასაშვებია მზეზე შრობაც.
თავსისხლას ფესვი შეიცავს 12-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთის კვალს, სახამებელს, საპონინებს, საღებავ ნივთიერებებს.
თავსისხლას ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შინაგანი სისხლის დენის (ბუასილის, დიზენტერიის) დროს და ყელში გამოსავლებად; მის ნაყენს იყენებენ ღრძილებში შესაზელად.
თავსისხლას ფესურების ნახარშს იყენებდა ჩინეთის და ტიბეტის მედიცინა სისხლის დენის, ფაღარათების დროს.
თავსისხლას ნახარში
თავსისხლას ნახარშის მისაღებად აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა, ძლიერი ნახარშის მისაღებად) ან 400 მლ (2 ჩაის ჭიქა, სუსტი ნახარშის მისაღებად) ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 8 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ აადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე.
შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში, ჭამის წინ, როგორც სისხლის დენის შემაჩერებელი საშუალება სისხლჩაქცევის, დიდი რაოდენობით მენსტრუაციული სისხლდენის, კუჭისა და ნაწლავებიდან სისხლის დენის, ფაღარათის, დიზენტერიის დროს.
ავტორები: ს. ჩაგელიშვილი, მ. გოგორიშვილი
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.