პროდუქტი „ყველი“ მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს

ყველი

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მსხვილი სუპერმარკეტების წარმომადგენლებს რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნები გააცნეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყველზე, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და, ამავე დროს, მაღალი რისკის შემცველი სურსათია.

„მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ყველა ის ნორმა, რასაც რძის ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს. დაუშვებელია, „ყველის“ სახელწოდებით იყიდებოდეს პროდუქტი, რომელიც მცენარეულ ცხიმს შეიცავს.

ამ საკითხს სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და მკაცრად გააკონტროლებს ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეს“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ეტიკეტზე დასატანი ინფორმაცია, კერძოდ, ეტიკეტზე პროდუქტის დასახელებასთან ერთად, მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საწარმოს აღიარების ნომერი), პროდუქციის შემადგენლობა, სტანდარტის ნომერი, დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები, ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ. პროდუქტში და მასა.

ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

მომხმარებელთა ინტერესების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ანალოგიურ შეხვედრებს რეგიონებშიც გამართავს.

თქვენი რეკლამა