მცხეთაში კომბინირებული საკვების საწარმომ HACCP სერთიფიკატი მიიღო

HACCP

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, კომბინირებული საკვების საწარმო შპს „ინვეტ ფიდი“ შეიქმნა 2016 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანასური დახმარების ხელშეწყობით.

კომპანია ყიდულობს ნედლეულს როგორც ადგილობრივი ფერმერებისგან, ასევე ახდენს მის იმპორტს.

საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი და წლიურად 2000-3000 ტონა კომბინირებულ საკვებს აწარმოებს, ფრინველებისა და ცხოველებისთვის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე, სამომავლოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც.

2017 წლის მარტში, ფრანგულმა კომპანიამ „BUREAU VERITAS“ შპს „ინვეტ ფიდს“ მიანიჭა HACCP სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% – USAID/REAP, 30% – სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას.

მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს „ინვეტ ფიდი“ შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან.

USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო აგრობიზნესის 13 კომპანიას უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.

თქვენი რეკლამა