ლურჯი მოცვის ექსპორტიდან შემოსავალი წელს 45%-ით გაიზარდა

ლურჯი, მოცვი, შემოსავალი

ლურჯი მოცვის კულტურა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და სწრაფად მზარდ მიმართულებად სახელდება. ფაქტობრივად სრული მოსავალი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის, ხარისხი კი მომხმარებლების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შესაბამისად, რაოდენობაზე მოთხოვნა და ფასი მზარდია.

ლურჯი მოცვის აქტიური გაშენება 2012-2013 წლებში დაიწყო. მანამდე საქართველოში გვქონდა ამ კულტურის მოვლა-მოყვანის გამოცდილება, თუმცა, არა ინდუსტრიული კუთხით.

ექსპორტზე გასვლა ლურჯი მოცვის მწარმოებლებმა მეორე წელსვე დაიწყეს, თუმცა, მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა 2019 წელს, როდესაც წინა წელთან შედარებით ექსპორტის 177%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ამის პარალელურად საექსპორტო ფასი 4,2 დოლარიდან 5დოლარამდე გაიზარდა.

იმდინარე წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 916 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით (45%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა).

საქართველოში გავრცელებულია მოცვის ოთხი სახეობა: მთის, ლურჯი, წითელი და კავკასიური მოცვი. დღეისათვის მსოფლიოში გაკულტივირებული ჯიშებიდან ყველაზე მეტი გავრცელება ლურჯი მოცვის სახეობამ ჰპოვა.

სტატიის წარმდგენია „საქართველოს ბანკი“.

თქვენი რეკლამა