საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს ნუსხაში შევიდა

UNESCO, საქართველოს, დაცული, ტერიტორიები

პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

დაცული ტერიტორიების მსოფლიო აღიარების მოპოვების აღსანიშნავად, ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დასახელება, უმნიშვნელოვანესი ფაქტია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით. აღნიშნული ტერიტორიები წარმოადგენს კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებითა და ბიომრავალფეროვნებით.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის IX და X კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა, რაც გულისხმობს მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურობას, ცოცხალ ეკოსისტემებსა და ცოცხალ გეოლოგიურ პროცესებს. კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა  და ქობულეთის დაცული ტერიტორიები აღნიშნულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისთვის შესაბამისი პროცედურული სამუშაოები 2017 წელს დაიწყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), გერმანიის მთავრობისა და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური, ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერით. 2019 წელს კი, შერჩეული ტერიტორიების ნომინაციაზე ,,კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები” წარდგენა მოხდა.

თქვენი რეკლამა