ევროკავშირში იმპორტირებულ პროდუქტებზე კონტროლი მკაცრდება

იმპორტი, ევროკავშირში, კომტროლი

ევროკავშირი იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე კონტროლს ამკაცრებს.

ევროკომისია, ევროკავშირში იმპორტირებული სურსათის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების კონტროლს გააძლიერებს. ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით, ეს ნაბიჯი იმპორტის კონტროლის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგს მოჰყვება.

კომისიამ განაცხადა, რომ ეს ზომები მიზნად ისახავს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სურსათის უვნებლობის მაღალი დონის შენარჩუნებას და მწარმოებლებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას.

ღონისძიებათა პაკეტი მოიცავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების აუდიტის რაოდენობის 50%-ით გაზრდას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირში კონტროლის არსებული დონის შენარჩუნებით. ევროპის სასაზღვრო გამშვები პუნქტების აუდიტის რაოდენობა 33%-ით გაიზრდება იმის დასადასტურებლად, რომ წევრი სახელმწიფოები ატარებენ ინსპექტირებას ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად.

კომისია ასევე გეგმავს შეუსაბამო საქონლისა და ქვეყნების უფრო საფუძვლიან მონიტორინგს, შემოწმების სიხშირის აუცილებელი კორექტირებით და ამასთან წევრ სახელმწიფოებს დამატებითი კონტროლის ზომების განხორციელებაში დაეხმარება.

იმპორტის შემოწმების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად შეიქმნება ევროკავშირის სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებული იქნება პესტიციდების ნარჩენებზე, სურსათისა და საკვების უვნებლობასა და ცხოველთა კეთილდღეობაზე. ასევე განიხილება ევროკავშირის კოორდინირებული ზომები ინდივიდუალური იმპორტირებული პროდუქტების მონიტორინგისთვის.

განახლებული წესები დაარეგულირებს ევროკავშირში აკრძალული საშიში პესტიციდების კვალის შემცველი პროდუქტების იმპორტს, რაც საერთაშორისო სტანდარტებში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს ასახავს.

წყარო: ec.europa

თქვენი რეკლამა