გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ.
დარგის სპეციალობების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში.
სწავლებების დროს, სტუდენტები მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, ასევე სურსათის კვლევის მიმართულებით ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ.
პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის.
ამჟამად, ლაბორატორიაში სწავლება უტარდებათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსის „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ სტუდენტს, ასევე, აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების სადოქტორო სკოლის სტუდენტს და პროფესიული კოლეჯის, „სპექტრისა“ და „ორიენტირის“ ახალგაზრდა სპეციალისტებს.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში.
მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.
2016/2017 წლის მონაცემებით, საწარმოო პრაქტიკების დასრულების შემდეგ დასაქმდა 10 სტუდენტი. პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდა 39 სტუდენტს. მიმდინარეობს დასაქმებული სტუდენტების შემდგომი პროფესიული განვითარება, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა. შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდა კვალიფიციური ადამიანური რესურსი.