გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილეს, საილას გასეტის შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ლაბორატორიის კვლევითი ბაზების ჩამოყალიბება, მათი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება განხორციელდა.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის გამართული ლაბორატორიული ქსელის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონტექსტში დასავლეთ საქართველოში ვაქცინების შესანახი მაცივარი ოთახების მშენებლობის, ტრანსკავკასიურ სივრცეში სიმულაციური სავარჯიშოების ორგანიზების, დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (დზეის) ფუნქციონირების უზრუნველყოფის და დზეის ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემასთან კავშირის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) პირდაპირი კომუნიკაციის მიზნით, სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ორგანიზებულ კონფერენციაში ფინანსური მხარდაჭერის საკითხებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.