ქართველმა სპეციალისტმა COST-ის სამეცნიერო გრანტი მოიპოვა

სამეცნიერო, გრანტი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის გრანტი მოიპოვა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსმა ივეტა მეგრელიშვილმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) მოკლევადიანი სამეცნიერო გრანტი „თხილის ბაქტერიული სიდამწვრის კვლევა ახალი თაობის სექვენირების მეთოდით“ მოიპოვა.

გრანტის ფარგლებში, მან ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტის ბიომეცნიერების ინჟინერიის ფაკულტეტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში, თხილის ბაქტერიული დაავადების Xanthomonas arboricola მოლეკულური მეთოდებით კვლევა განახორციელა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენელმა სამეცნიერო აპარატურის MinION ახალი თაობის სექვენირების მეთოდები შეისწავლა, რაც შესაძლებლობას იძლევა, სწრაფად და დიდი სიზუსტით მოხდეს საკვლევი ობიექტის გენეტიკური კვლევა.

აღნიშნული ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, საქართველოში Xanthomonas arboricola-ს ბაქტერიული შტამის დადასტურება პირველად მოხდა, რაც შესაძლებლობას იძლევა, შემუშავდეს აღნიშნული პათოგენისგან გამოწვეული თხილის ბაქტერიული სიდამწვრის გავრცელების არეალი და მასთან ბრძოლის ეფექტიანი ღონისძიებები.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია (COST) არის ორგანიზაცია, რომელიც კვლევისა და ინოვაციების ქსელებს აფინანსებს. მისი მიზანი მთელს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ კვლევითი ინიციატივების დაკავშირება და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მკვლევარების და ინოვატორების იდეების ხელშეწყობაა.

თქვენი რეკლამა