სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და ესპანეთის ვაზის და ღვინის კვლევით ინსტიტუტს (CSIC) შორის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული კუთხით თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მევენახეობა-მეღვინეობის სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავება-განხორციელებაა გათვალისწინებული.
CSIC-ის მეცნიერ-მკვლევარებმა, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ, სადაც ჯიღაურას ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კოლექცია მოინახულეს და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ქართული გენოფონდის კვლევის და ვაზის ჯიშების გენეტიკური შესწავლის მიზნით, საანალიზოდ ნიმუშები აიღეს.
გენეტიკური კვლევების პარალელურად, პროექტის ფარგლებში, იგეგმება მცენარეთა ფიტოსანიტარული კუთხით ერთობლივი კვლევების განხორციელება, რეგიონში გავრცელებული ვაზის დაავადებების გამოვლენის და ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ამ მიზნით ესპანეთის ვაზის და ღვინის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ნიმუშები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აიღეს.
CSIC-ის მეცნიერ-მკვლევარების საქართველოში სამუშაო ვიზიტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით განხორციელდა.