სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესპანური კომპანიის La Encina-ს მიწვევით სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ესპანეთის ქალაქებში – სევილია, სანტანდერი, რიოხა, ბილბაო – გაშენებული ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების სანერგე მეურნეობები და საკოლექციო ნარგაობები მოინახულეს.
ვიზიტის ფარგლებში იური ნოზაძემ და ლევან უჯმაჯურუძემ შეხვედრები გამართეს ესპანეთის კანტაბრიას ავტონომიური ოლქის პრეზიდენტ მიგელ ანგელ რევილასთან, ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინიტრებთან.
შეხვედრებზე როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს. გადაწყდა, რომ ახალგაზრდა, ქართველი სპეციალისტები აგრონომიული მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ესპანეთში აიმაღლებენ.
2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება პროექტი, რომლის ფარგლებში ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული, აგროსატყეო და კაკლოვანი კულტურების ახალი ჯიშების შეტანა იგეგმება. მომავალი წლიდან საცდელი ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბაზებზე გაშენდება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი და სურვილი საქართველოში სხვადასხვა კულტურის ახლი ჯიშების შემოტანის, გამოცდის და შემდგომ, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნისა და ნერგების წარმოების კუთხით.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ რიოხაში უძველესი მარნის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მევენახეობა – მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.