2018 წელს აგროსექტორში პრიორიტეტული მიმართულებები იქნება:
- აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
- მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა;
- სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება.
გაიზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები. განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროები დაუახლოვდება DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას, რაც განხორციელდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში.
განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები ქვეყანაში ბიოაგრომეურნეობების განვითარების და ასევე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დამკვიდრების მიმართულებით.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.
2018 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის გარკვეული მიმართულებებისთვის გამოიყოფა:
- სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და ტექნიკის შეძენა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმდინარე ტექნიკური ექსპლუატაცია – 50 მლნ ლარი;
- შეღავათიანი აგროკრედიტები – 45.0 მლნ ლარი;
- სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა – 35.9 მლნ ლარი;
- 14 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ქმედებებისთვის.
ასევე დამატებით გაგრძელდება მუშაობა, სათანადო ღონისძიებების გასატარებლად საჭირო რესურსების მობილიზების მიმართულებით.
სულ 2018 წელს სოფლის მეურნეობა 276 მლნ. ლარით დაფინანსდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია