ჩინეთი და პერუ სუფრის ყურძნის გლობალური ბაზრის ლიდერები არიან

ჩინეთი, პერუ, სუფრის, ყურძენი

ჩინეთია და პერუს პოზიციების გაძლიერება სუფრის ყურძნის მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას ამწვავებს და საერთაშორისო ვაჭრობის ახალ ტენდენციებს აყალიბებს.

RaboResearch-ის 2026 წლის სექტემბრის ანგარიშის თანახმად, 2025/26 წლების სეზონზე სუფრის ყურძნის გლობალურმა ექსპორტმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს — 4,95 მილიონ ტონას მიაღწია. ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პერუს მყარად დამკვიდრებულმა პოზიციებმა და ჩინეთის საექსპორტო შესაძლებლობების სწრაფმა გაფართოებამ.

ჩინეთი, რომელიც მსოფლიო წარმოების დაახლოებით ნახევარს — 15 მილიონ ტონას — აწარმოებს, ბოლო სეზონზე ექსპორტის მოცულობით (დაახლოებით 770 000 ტონა) მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. ანალიტიკოსების შეფასებით, აზიაში საშუალო კლასის ზრდა და მომხმარებელთა გემოვნების ცვლილება ჩინეთის გავლენას კიდევ უფრო აძლიერებს. ეს ტენდენცია საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებს ცვლის და ბაზრების დივერსიფიკაციის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

პერუს რეკორდული სეზონი და ჯიშების განახლება

პერუ კვლავ მსოფლიოს წამყვან ექსპორტიორებს შორისაა. ქვეყანამ 2025/26 წლების სეზონი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა: საერთაშორისო ბაზარზე 86,4 მილიონი ყუთი (დაახლოებით 708 500 ტონა) სუფრის ყურძენი გაიტანა. ეს მოცულობა ათი წლის წინანდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

„პერუს წარმატება სექტორის მაღალ კონკურენტუნარიანობას ასახავს, რომლის საფუძველიც ვენახების ჯიშობრივი შემადგენლობის სწრაფი განახლებაა“, — აღნიშნავენ დარგის ანალიტიკოსები.

ამჟამად პერუში სერტიფიცირებული ვენახების ფართობის 85% თანამედროვე, ლიცენზირებულ ჯიშებს უკავია. RaboResearch-ის პროგნოზის თანახმად, ათწლეულის ბოლომდე ქვეყანაში ვენახების საერთო ფართობი კიდევ 12%-ით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2026/27 წლების სეზონიც მაღალი ტემპით დაიწყო: სეზონის პირველ კვირებში ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 45,8%-ით აღემატება. (შენიშვნა: თუმცა, ნოემბრის განახლებული პროგნოზებით, „ელ-ნინიოს“ კლიმატური ფაქტორის გამო, მთლიანი სეზონის განმავლობაში მოსავლის შემცირებაა მოსალოდნელი).

კონკურენცია და საერთაშორისო სავაჭრო ნაკადები

ჩრდილოეთ ამერიკაში სუფრის ყურძნით ვაჭრობა სტაბილურად ვითარდება. მექსიკა კვლავ ინარჩუნებს მიწოდებისა და მოთხოვნის მდგრად დონეს როგორც ადგილობრივ, ისე აშშ-ის ბაზარზე.

სამხრეთ ამერიკაში გასულ სეზონზე, მარტში მოსული უხვი ნალექის გამო, ექსპორტის მოცულობა 1,3 მილიონ ტონამდე შემცირდა. თუმცა, 2026/27 წლების სეზონზე ჩილეში მოსავლის აღდგენა და ექსპორტის 9,7%-ით, 524 500 ტონამდე ზრდაა მოსალოდნელი.

საერთაშორისო ბაზარზე წამყვან პოზიციებს კვლავ ევროკავშირი და შეერთებული შტატები იკავებენ. მათზე გლობალური იმპორტის 43% მოდის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბაზრებზე იმპორტი სტაბილურად, საშუალოდ, წლიურად 2%-ით იზრდებოდა.

პარალელურად, სამხრეთ აფრიკამ და ინდოეთმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს სუფრის ყურძნის მიწოდება. მზარდი კონკურენციის პირობებში მწარმოებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ახალი ჯიშების დანერგვა.

თქვენი რეკლამა