მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შემთხვევის დღესვე გამოითხოვა ინფორმაცია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისგან და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო საკითხის შესწავლა.
კომპანიისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.
ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი — ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საკითხის შესწავლას და შესაბამისი გარემოებების შეფასებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

