ფიზალისი (ონკტოფა) სამხრეთ ამერიკული წარმოშობის კულტურა, რომელსაც ხშირად „ოქროს კენკრას“ უწოდებენ და რომელიც ერთდროულად საკვები და დეკორატიული ღირებულებით გამოირჩევა.
ფიზალისის გვარში (Physalis) კი 80-ზე მეტი სახეობაა, მათ შორის:
- Physalis peruviana — პერუული ფიზალისი (ოქროს კენკრა);
- Physalis philadelphica — ტომატილიო;
- Physalis pruinosa — Ground Cherry;
- Physalis alkekengi — დეკორატიული ჩინური ფარანი;
- Physalis ixocarpa — მექსიკური ტომატილიო.
პერუული ფიზალისი (Physalis peruviana) ძაღლყურძენასებრთა (Solanaceae) ოჯახის მცენარეა. იგი პომიდვრის, ბადრიჯნისა და წიწაკის ახლო ნათესავია, თუმცა მისი ნაყოფი ხილის მსგავსად მოიხმარება. კულტურის მთავარი თავისებურება ნაყოფის გარშემო არსებული თხელი, ქაღალდისებრი გარსია, რომელიც სიმწიფისას ღია ჩალისფერ შეფერილობას იღებს და ნაყოფს ბუნებრივად იცავს.
ფიზალისის წარმოშობა სამხრეთ ამერიკას, კერძოდ პერუს, ეკვადორისა და კოლუმბიის ანდების რეგიონებს უკავშირდება. მოგვიანებით კულტურა გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. დღეს იგი კომერციულად მოჰყავთ კოლუმბიაში, პერუში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. საერთაშორისო ბაზარზე ხშირად გვხვდება სახელებით Golden Berry, Cape Gooseberry და Peruvian Groundcherry.
მცენარე მრავალწლოვანია, თუმცა ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ხშირად ერთწლიანი კულტურის სახით მოჰყავთ. ბუჩქი 1–1.5 მეტრამდე იზრდება, აქვს რბილი, ოდნავ შებუსული ფოთლები და მცირე ზომის ყვითელი ყვავილები. ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, დიამეტრით 1–2 სანტიმეტრი და სიმწიფისას ოქროსფერ-ნარინჯისფერ შეფერილობას იღებს.
ფიზალისი გამოირჩევა სასიამოვნო ტკბილ-მჟავე გემოთი, რომელშიც ანანასის, ციტრუსისა და ტროპიკული ხილის მსუბუქი არომატები იგრძნობა. სწორედ ამ თვისებების გამო მას ფართოდ იყენებენ როგორც ახალ მდგომარეობაში, ისე საკონდიტრო და გადამამუშავებელ მრეწველობაში.
ფიზალისი მდიდარია C ვიტამინით, A ვიტამინის წინამორბედი კაროტინოიდებით, პოლიფენოლებითა და სხვა ანტიოქსიდანტური ნაერთებით. ნაყოფი ასევე შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, რკინასა და დიეტურ ბოჭკოებს, რის გამოც ჯანსაღი კვების პროდუქტად მიიჩნევა.
კვებითი ღირებულება (100 გ ახალ ნაყოფზე)
- ენერგეტიკული ღირებულება: 53 კკალ;
- ცილები: 1.9 გ;
- ცხიმები: 0.7 გ;
- ნახშირწყლები: 11.2 გ;
- დიეტური ბოჭკოები: 4.9 გ;
- C ვიტამინი: 11 მგ;
- კალიუმი: 268 მგ;
- ფოსფორი: 40 მგ;
- რკინა: 1.0 მგ.
ნაყოფს მოიხმარენ როგორც ახალს, ისე გამხმარს. მისგან ამზადებენ მურაბებს, ჟელეებს, წვენებს, დესერტებს, ხილის სალათებსა და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმს. ფიზალისის დეკორატიული გარსი მას რესტორნებსა და საკონდიტრო წარმოებაშიც პოპულარულ პროდუქტად აქცევს.

საქართველოში ფიზალისი სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სახელებითაა ცნობილი: ონტკოფა, სატკაჩუნა, ბაბუშტელა, კატაყვერა და დუდღუბო. მისი მოყვანა წარმატებით არის შესაძლებელი ქვეყნის თბილ რეგიონებში. მცენარე კარგად ვითარდება მზიან ადგილებში და შედარებით მარტივი მოვლით ხასიათდება, რაც მას საინტერესო კულტურად აქცევს როგორც საოჯახო ბაღებისთვის, ისე მცირე კომერციული მეურნეობებისთვის.
საინტერესო ფაქტი: ფიზალისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კულტურებს შორის, რომლის ნაყოფი ბუნებრივ „შეფუთვაში“ — ქაღალდისებრ გარსში მწიფდება, რაც მას მავნებლებისა და გარემო პირობებისგან ნაწილობრივ იცავს.
* ონტკოფას წითელი ბუშტივით გაბერილი ყვავილის ჯამი შხამიანია, ამიტომ არ უნდა შეგვცდეს და ყვავილის ჯამი არ უნდა გამოვიყენოთ. (დ. იორდანოვი, პ. ნიკოლოვი, ა. ბოიჩანოვი).
** აღსანიშნავია, რომ ფიზალისის გვარში შემავალი ყველა სახეობა საკვები არ არის. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით მოჰყავთ, ამიტომ უცნობი სახეობის ნაყოფის ან მცენარის სხვა ნაწილების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ავტორი: მალხაზ ხაზარბეგიშვილი
გამოყენებული რესურსები:
Plants of the World Online (Kew Science)
USDA FoodData Central
CABI Digital Library
ფიზალისი (Physalis peruviana) მოვლა-მოყვანა, გამოყენება

