ექსპერტები: უკრაინული ხორბლის ფასებს მოსავალი კი არა, ლოჯისტიკა განსაზღვრავს

მოლდოვა, უკრაინული, მარცვლეული

ლოჯისტიკური ხარჯები და შეზღუდული საექსპორტო მარშრუტები უახლოეს თვეებში უკრაინის მარცვლეულის ბაზარზე გადამწყვეტ ფაქტორად დარჩება.

ექსპერტების შეფასებით, შიდა ფასებზე მათი გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე თავად მოსავლის მოცულობის. ამის შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი PUSK აცხადებს, რომელიც სრულიად უკრაინის აგრარული საბჭოს ფარგლებში ფუნქციონირებს.

ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის შიდა ბაზარზე ხორბლით ვაჭრობა კვლავ შეზღუდულია. დუნაის მიმართულებით ექსპორტი ნაწილობრივ გრძელდება, ხოლო რუმინეთში მიწოდებები ვადულ-სირეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გაიზარდა. ამ მარშრუტით ხორბალი ძირითადად ხმელნიცკის, ტერნოპოლისა და ჩერნოვცის რეგიონებიდან გადააქვთ.

ამავე დროს, უკვე გაფორმებულია შეთანხმებები რუმინეთის პორტ კონსტანცაში ხორბლის მიწოდებაზე. სექტემბრისთვის დაგეგმილი კონტრაქტების ფასი 233-234 აშშ დოლარს შეადგენს ტონაზე.

PUSK-ის ინფორმაციით, სეზონის პირველ ნახევარში უკრაინული ხორბლის მთავარი მყიდველები კვლავ აზიის ქვეყნები — ინდონეზია, ფილიპინები, ბანგლადეში და ვიეტნამი იქნებიან. უკრაინა ამ ბაზრებს ტრადიციულად მნიშვნელოვანი მოცულობის მარცვლეულით ამარაგებდა, თუმცა საზღვაო პორტების მუშაობის შეფერხებამ ექსპორტი მნიშვნელოვნად გაართულა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუმინეთისა და ბულგარეთის პორტებიც უკვე დატვირთულია საკუთარი მოსავლით, რის გამოც დამატებითი საექსპორტო შესაძლებლობების მოძიება სულ უფრო რთულდება.

მომდევნო კვირებში ბაზარზე ზეწოლას მაღალი სატრანსპორტო ხარჯებიც შეინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში მარცვლეულზე მოთხოვნა იზრდება, ტრანსპორტირების გაძვირება ფასების ზრდის შესაძლებლობას ზღუდავს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ერთ-ორ კვირაში ხორბლის ფასები კიდევ შეიძლება შემცირდეს. განსაკუთრებით დუნაის მიმართულებით, სადაც მაღალი სატვირთო ტარიფები ბაზარზე დამატებით ზეწოლას ახდენს. სახმელეთო საზღვრებზე ვითარება შედარებით სტაბილურია, თუმცა მოსავლის დაგროვების შემთხვევაში მყიდველებმა შესაძლოა შესყიდვები დროებით შეამცირონ, რაც ფასებზე დამატებით გავლენას მოახდენს.

მათი მონაცემებით, ოქტომბერ-ნოემბერში სარკინიგზო ვაგონების ქირაობის ღირებულება უკვე 40-45 დოლარს აღწევს ტონაზე, ხოლო შემოდგომის განმავლობაში ეს მაჩვენებელი შესაძლოა 60-70 დოლარამდე გაიზარდოს.

ლოჯისტიკური ხარჯების ზრდის რისკის გამო, ბევრი აგროკომპანია აქტიურად მიმართავს წინასწარ გაყიდვებს, რათა ფულადი ნაკადები უფრო სტაბილურად მართოს.

PUSK-ის შეფასებით, ახალი სეზონის მთავარი კითხვა აღარ იქნება, სად გაიყიდება მარცვლეული — მთავარი ის იქნება, სად და რა გზით იქნება შესაძლებელი მისი მიწოდება. სწორედ ლოჯისტიკა განსაზღვრავს როგორც უკრაინული ხორბლის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე, ისე მის შიდა ფასებს.

წყარო: APK-Inform

თქვენი რეკლამა