ევროპა კარტოფილის ნათესებს ამცირებს, თუმცა ჭარბი წარმოების რისკი კვლავ რჩება

ევროპის, კარტოფილის, ბაზარი

2026/27 სეზონის წინ ევროპის კარტოფილის სექტორი ახალი გამოწვევის წინაშე დგას. გასული წლის ჭარბი წარმოებისა და ბაზარზე ფასების შემცირების ფონზე, ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები კარტოფილის ნათეს ფართობებს ამცირებენ.

მიუხედავად ამისა, ინდუსტრიის ნაწილი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი შემცირება საკმარისი არ იქნება ბაზრის დასაბალანსებლად და ჭარბი წარმოების რისკი კვლავ მაღალი რჩება.

ინფორმაციას ანალიტიკური სააგენტო Mintec ავრცელებს.

ევროპაში საგაზაფხულო თესვის კამპანია დასასრულს უახლოვდება და უკვე იკვეთება მომავალი მოსავლის პირველი შეფასებები. გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) მონაცემებით, ქვეყანაში კარტოფილის ნათესი ფართობი დაახლოებით 280 400 ჰექტარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 7.1%-ით ნაკლებია.

ფართობების შემცირება მოსალოდნელია სხვა მსხვილ მწარმოებლებშიც. საფრანგეთში კარტოფილის ნათესები, სავარაუდოდ, 5.2%-ით შემცირდება. ბელგიაში კლება კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება — ფლანდრიის რეგიონში ფართობები შესაძლოა 19%-ით, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 14.5%-ით შემცირდეს.

თუმცა ბაზრის ბევრი მონაწილე მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. მათი შეფასებით, ევროპაში კარტოფილის წარმოება მინიმუმ 10–15%-ით უნდა შემცირდეს, რათა გასული წლების ჭარბი მიწოდების შედეგად დაგროვილი წნეხი სრულად მოიხსნას.

გაყინული კარტოფილის ბაზარიც ზეწოლის ქვეშაა

სიტუაციას დამატებით ართულებს საერთაშორისო ვაჭრობის პრობლემები. ევროპა მსოფლიოში გაყინული კარტოფილის პროდუქტების, განსაკუთრებით კარტოფილი ფრის, ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. თუმცა ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა ექსპორტზე უკვე აისახება.

ბაზრის მონაწილეები აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში მიწოდება გართულდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ტვირთები დანიშნულების ბაზრამდეც ვერ მივიდა და უკან დაბრუნდა.

World Potato Markets-ის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში ბაჰრეინის მიერ იმპორტირებული გაყინული კარტოფილი ფრის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით შემცირდა.

რა ელის ბაზარს?

ევროპული კარტოფილის ბაზარი დღეს ორ ფაქტორს შორის არის მოქცეული. ერთი მხრივ, ფერმერები ცდილობენ შეამცირონ წარმოება და თავიდან აიცილონ ფასების ახალი კრიზისი. მეორე მხრივ, თუ ამინდი ხელსაყრელი იქნება და მოსავლიანობა მაღალი აღმოჩნდება, მხოლოდ ნათესი ფართობების შემცირება შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.

2026/27 სეზონი ევროპული კარტოფილის სექტორისთვის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. თუ წარმოების შემცირება მოთხოვნის კლებას ვერ დააბალანსებს, ბაზარი შესაძლოა კვლავ ჭარბი მიწოდებისა და დაბალი ფასების პრობლემის წინაშე დადგეს. ხოლო ექსპორტის მიმართულებით არსებული გეოპოლიტიკური რისკები ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს.

კარტოფილის დარგვის დრო და შეცდომები — რატომ წყდება მოსავლის ბედი პირველივე კვირაში

თქვენი რეკლამა