ევროკავშირში საზამთროს მოხმარება ახალ ეტაპზე გადადის. 2025 წელს შესყიდვების მოცულობამ პირველად გადააჭარბა 2 მილიარდ კილოგრამს და მიაღწია 2.001 მილიარდ კგ-ს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
ეს მხოლოდ ერთწლიანი ზრდა არ არის — ბოლო 20 წლის განმავლობაში ბაზარი 138%-ით გაფართოვდა, რაც მიუთითებს, რომ საზამთრო ევროპაში ნიშური პროდუქტიდან მასობრივ, სტაბილურ მოხმარებად კულტურად გადაიქცა.
ფასების მხრივაც სურათი შედარებით დაბალანსებულია. ბაზრის საერთო ღირებულებამ €1.48 მილიარდი შეადგინა, საშუალოდ €0.74/კგ ფასით. ეს მიუთითებს, რომ მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, პროდუქტი კვლავ ხელმისაწვდომ სეგმენტში რჩება და ფართო მომხმარებელზეა ორიენტირებული.
ევროკავშირის ბაზარი: ვინ აწვდის საზამთროს ევროპას
ევროკავშირის ბაზარზე საზამთროს ტოპ მიმწოდებლები ძირითადად ევროპული ქვეყნები არიან, გამონაკლისია მაროკო, რომელიც მესამე ადგილს იკავებს ტოპ 5-ში.
ევროკავშირის ბაზარზე საზამთროს მიწოდებაში ისტორიული ლიდერი ესპანეთია. 2025 წელს ქვეყანამ ევროკავშირში 614.7 მილიონი კგ საზამთრო გაყიდა, რაც მთლიან ბაზრის 30.7%-ს შეადგენს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა — ზრდამ 97.4% შეადგინა, რაც მიუთითებს ესპანეთის სტაბილურ დომინაციაზე.
მეორე ადგილზეა იტალია, რომელიც ამ პოზიციას უკვე ორი ათწლეული ინარჩუნებს. 2025 წელს იტალიის მიწოდებამ შეადგინა 282.7 მილიონი კგ (14.1% ბაზრის), რაც 2006 წელთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა (+195.8%).
მესამე პოზიციაზე სწრაფად დაწინაურდა მაროკო, რომელმაც 2025 წელს ევროკავშირში 155.8 მილიონი კგ საზამთრო გაყიდა (7.8% ბაზრის). საინტერესოა, რომ 2006 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2.16 მილიონი კგ იყო — ანუ ზრდა მრავალჯერადია. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მაროკომ პიკს მიაღწია (271 მილიონი კგ), შემდეგ შემცირების ფაზა გაიარა და 2025 წელს კვლავ აღიდგინა პოზიციები.
შემდეგ მოდის საბერძნეთი, რომელმაც ევროკავშირში 152.4 მილიონი კგ საზამთრო მიაწოდა (7.6% ბაზრის). ბოლო 20 წელში ქვეყნის მიწოდება 62%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს სტაბილურ, მაგრამ ზომიერ ზრდაზე.
მეხუთე ადგილზეა გერმანია, რომელმაც 2025 წელს 146.7 მილიონი კგ საზამთრო გაყიდა (7.3% ბაზრის). თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი — ამ მოცულობის დიდი ნაწილი რეექსპორტია. მიუხედავად ამისა, 2006 წელთან შედარებით გერმანიის მაჩვენებელი 580%-ზე მეტად გაიზარდა, რაც ადასტურებს მის როლს, როგორც ლოჯისტიკურ ჰაბს ევროპაში.
საზამთრო – მოვლა, მოყვანა და რამდენიმე ჯიში

