საზამთრო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბოსტნეული კულტურაა. გლობალური წარმოება დღეს დაახლოებით 100–105 მილიონ ტონას აღწევს და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, თუმცა არა აგრესიული ტემპით.
ბაზარი უკვე ჩამოყალიბებულია და ზრდა ძირითადად მოსახლეობის ზრდასა და მოხმარების გაფართოებას მიჰყვება, არა ტექნოლოგიურ „ბუმს“.
გლობალური სურათი მკვეთრად კონცენტრირებულია. ჩინეთი აწარმოებს დაახლოებით 60 მილიონ ტონას, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს საზამთროს ნახევარზე მეტი ერთ ქვეყანაში იწარმოება. ეს დომინაცია მხოლოდ აგროტექნოლოგიით არ აიხსნება — აქ ერთდროულად მუშაობს მასშტაბი, შიდა მოთხოვნა და მიწის რესურსი. ჩინეთში საზამთრო ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, რაც წარმოებას სტაბილურ შიდა ბაზარზე აყრდნობს და ექსპორტზე დამოკიდებულებას ამცირებს.
დანარჩენი ქვეყნები ბევრად მცირე მოცულობებით მოდიან. თურქეთი და ინდოეთი დაახლოებით 3–3.5 მილიონ ტონას, ირანი 2.5–3 მილიონს, ბრაზილია კი 2 მილიონ ტონაზე ოდნავ მეტს აწარმოებს. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის შემდეგ ბაზარი ფრაგმენტირებულია და რეალურად არ არსებობს მეორე ძლიერი „ცენტრი“.
საზამთროს TOP 5 მწარმოებელი ქვეყანა (ტონა)
- ჩინეთი — 60–62 მლნ ტონა;
- თურქეთი — 3.3–3.6 მლნ ტონა;
- ინდოეთი — 3.0–3.3 მლნ ტონა;
- ირანი — 2.5–3.0 მლნ ტონა;
- ბრაზილია — 2.1–2.4 მლნ ტონა.
ჩინეთი არის აბსოლუტური ლიდერი — მისი წილი ხშირად აღემატება დანარჩენი TOP-5 ქვეყნების ჯამსაც კი.
ამ სტრუქტურას პირდაპირი გავლენა აქვს ფასზეც. რადგან წარმოების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზრებზე იხარჯება, საერთაშორისო ვაჭრობაში მხოლოდ მცირე ნაწილი გადადის. საზამთრო ლოგისტიკურად რთული პროდუქტია — მოცულობითი, სწრაფად ფუჭებადი და ტრანსპორტირებისას დანაკარგების რისკით. სწორედ ამიტომ გლობალური წარმოება დიდია, მაგრამ ექსპორტი შედარებით შეზღუდული.
საზამთროს TOP 5 იმპორტიორი ქვეყანა (USD)
- აშშ — $650–700 მლნ;
- გერმანია — $200–250 მლნ;
- საფრანგეთი — $150–180 მლნ;
- კანადა — $120–150 მლნ;
- ნიდერლანდები — $100–130 მლნ.
იმპორტი კონცენტრირებულია მაღალშემოსავლიან ბაზრებზე, სადაც ადგილობრივი წარმოება შეზღუდულია ან სეზონურია და მოთხოვნა სტაბილურად მაღალია.
ბოლო წლებში კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა: პროდუქცია ნელ-ნელა გადადის მაღალი პროდუქტიულობისა და ადრეული სეზონის მოდელზე. ფერმერები ცდილობენ არა უბრალოდ მეტი აწარმოონ, არამედ ადრე შევიდნენ ბაზარზე, სადაც ფასები მნიშვნელოვნად მაღალია. ეს განსაკუთრებით ჩანს თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სადაც კლიმატი და ტექნოლოგიები სეზონის „გაწევას“ შესაძლებელს ხდის.
საბოლოოდ, საზამთროს გლობალური წარმოება არის კლასიკური მაგალითი აგრობაზრის, სადაც მოცულობა და შემოსავალი ერთმანეთისგან განსხვავდება. დიდი მწარმოებლები ხშირად შიდა ბაზარზე მუშაობენ, ხოლო რეალური ღირებულება იქმნება იქ, სადაც ლოჯისტიკა, დრო და ბაზრის სიახლოვე სწორად ემთხვევა.
ახალი სუპერ-მინი საზამთროს ჯიშები

