აკვაკულტურა – იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ ციფრულ სისტემაში

აკვაკულტურა, ციფრულ, სისტემაში

საქართველო აკვაკულტურის სექტორს იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ ციფრულ სისტემაში გააერთიანებს.

წყლის ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს სტრატეგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MEPA) 2024 წლის სექტემბერში დაამტკიცა.

სტრატეგიის მიზანია აკვაკულტურის სექტორისთვის წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელიც მოიაზრებს ქვეყანაში ბიოუსაფრთხოებისა და დაავადებათა მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. ეს ღონისძიებები გადამწყვეტია დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და კონტროლისთვის, რაც ხელს შეუწყობს სექტორის პროდუქტიულობისა და მდგრადობის ზრდას.

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის არსებული ეროვნული სისტემა (NAITS) და მასთან დაკავშირებული ფერმის მართვის სისტემა (FMS) აკვაკულტურის სექტორზეც განავრცოს. NAITS, რომელიც 2019 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფინანსური მხარდაჭერით დაინერგა, მეცხოველეობის სექტორისთვის უკვე წარმოადგენს მყარ ელექტრონულ პლატფორმას მონაცემთა გაზიარებისა და მიკვლევადობისთვის. მისი გავრცელება აკვაკულტურაზე გააძლიერებს სექტორის მართვას, გააუმჯობესებს სურსათის უვნებლობას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და ბაზრებზე წვდომას.

NAITS-სა და FMS-ში აკვაკულტურის მოდულების ინტეგრირებისა და ციფრული მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, 26 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით FAO-მ საქართველოში მოიწვია საერთაშორისო სპეციალისტი, დოქტორი რუთ გარსია. იგი აკვაკულტურის მეცნიერების ექსპერტია, პრაქტიკული გამოცდილებით წარმოების, ბიოუსაფრთხოებისა და გენეტიკური რესურსების მართვის სფეროებში.

ორკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, დოქტორმა გარსიამ შეხვედრები გამართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა (SRCA) და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) წარმომადგენლებთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა კონსულტაციებს საერთაშორისო ექსპერტებსა და ადგილობრივ მხარეებს შორის, რაც ტექნიკურ საფუძვლად დაედება NAITS-სა და FMS-ში ახალი მოდულების ინტეგრირებას.

სამუშაო ჯგუფი ასევე შეხვდა „საქართველოს თევზის მწარმოებელთა ასოციაციას”, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ზომის მეურნეობებს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რათა გაციფრულების პროცესში კერძო სექტორის ინტერესები სათანადოდ იყოს ასახული.

საველე ინფორმაციის შესაგროვებლად დოქტორი გარსია, NAITS-ის გუნდთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, ესტუმრა არაერთ სატბორე მეურნეობას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის ქობულეთში, ფოთში, აბაშაში, გორში, ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში. ვიზიტების მიზანი იყო სხვადასხვა სახეობის თევზის წარმოების მოდელებისა და მართვის არსებული პრაქტიკების შესწავლა.

საველე ვიზიტების შედეგად გამოიკვეთა, რომ თევზსაშენი მეურნეობები კვლავ ქაღალდზე დაფუძნებული ჩანაწერების საფუძველზე იმართება. ფერმერებმა ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის მზაობა გამოხატეს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას და ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას. ფერმის მართვის ციფრული სისტემა, FMS, რომელიც მეცხოველეობის დარგში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს, მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, ციფრულ ფორმატში აღრიცხონ ისეთი საკვანძო პარამეტრები, როგორიცაა საკვების რაციონი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ინფორმაცია რეპროდუქციის შესახებ. საველე ვიზიტებისას შეგროვებული მონაცემები საფუძვლად დაედება NAITS-ისა და FMS-ის ახალი ფუნქციონალის შემუშავებას.

„საველე ვიზიტებმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად მასშტაბებისა და სახეობების მრავალფეროვნებისა, სატბორე მეურნეობებს საქართველში ერთი საერთო აქვთ – მათი უმრავლესობა დამოკიდებულია ქაღალდზე წარმოებულ აღრიცხვაზე. აკვაკულტურის მოდულების ინტეგრირება არსებულ ეროვნულ ციფრულ სისტემებში მიზნად ისახავს ფერმერებისთვის იმ ციფრული ხელსაწყოების მიწოდებას, რაც აუცილებელია ბიოუსაფრთხოებისა და წარმოების გაფართოებისთვის,” აღნიშნა დოქტორმა გარსიამ.

FAO-ს პროექტის მენეჯერის, მიხეილ სოხაძის თქმით, საქართველო უკვე არის რეგიონული ლიდერი მეცხოველეობის მიკვლევადობის სფეროში. „ამ გამოცდილი სისტემების აკვაკულტურაზე განვრცობით, ჩვენ პირდაპირ ვუჭერთ მხარს 2024-2028 წლების სტრატეგიას. ეს ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ კერძო სექტორის რეალობა აისახოს ციფრულ ინფრასტრუქტურაში, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს ცხოველთა ჯანმრთელობას, ცხოველური წარმოშობის სურსათის მიკვლევადობასა და უვნებლობას, ასევე, საქართველოში წარმოებულ თევზის პროდუქტებს საერთაშორისო ბაზრებისკენ გზას გაუხსნის.”

ბაზრის პოტენციალის გათვალისწინებით, სტრატეგიის მთავარი მიზანია წარმოების იმ დონემდე გაზრდა, რომ მინიმუმ ადგილობრივი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ხოლო 2028 წლისთვის წლიური წარმოება ხუთჯერ გაიზარდოს. პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია და მიკვლევადობის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს აკვაკულტურის სექტორის მდგრადობისთვის.

სამომავლოდ, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ციფრული ინსტრუმენტების ამოქმედებისკენ, რაც მოიაზრებს ფერმების სისტემატურ რეგისტრაციასა და მათი ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. ეტაპობრივი დანერგვა, მიზნობრივი ინვესტიციები და მუდმივი მონიტორინგი გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ წარმოების ზრდა შეესაბამებოდეს როგორც ადგილობრივ მოთხოვნებს, ასევე დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები.

აკვაკულტურა საქართველოში და მსოფლიოში – როგორ ვითარდება თევზის ფერმერული წარმოება

თქვენი რეკლამა