ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ, ევროკავშირიდან იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე ტარიფების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა.
გასულ წელს სამინისტრომ დაიწყო ევროპის ქვეყნების მიერ რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის გაცემული სუბსიდიების გადახედვა. ამ გადახედვის შემდეგ, ჩინურმა მხარემ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის ზომები კონკურენტუნარიანობისთვის საზიანო იყო და უარყოფითად აისახა ადგილობრივ მწარმოებლებზე.
შედეგად, იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე ახალი ტარიფები 21.9%-დან 42.7%-მდე მერყეობს, პროდუქტისა და მწარმოებლის მიხედვით. მაგალითად, ფრანგულ კომპანია Fromarsac-ს, რომელიც ცნობილია თავისი Roquefort ყველით, 30%-იანი ტარიფი დაეკისრება. ამავდროულად, ჰოლანდიური კომპანია FrieslandCampina-ს, რომელიც სპეციალიზირებულია იოგურტსა და ყველზე, 42.7%-იანი ტარიფი დაეკისრება.
გაზრდილი ტარიფები 23 დეკემბრიდან ამოქმედდა. ევროკომისიას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობა 2023 წელს გამწვავდა, როდესაც ევროკომისიამ ჩინური ელექტრომობილების სუბსიდიების საწინააღმდეგო გამოძიება დაიწყო. 2024 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა ამ პროდუქციაზე გადასახადები დააწესა.
საპასუხოდ, პეკინმა შეზღუდვები დააწესა ევროპული ბრენდების, ღორის ხორცის და ახლა უკვე რძის პროდუქტების იმპორტზე.
ყველის მომზადების ხალხური წესი და კვეთის რეცეპტები

