ქაცვი – სამკურნალო მცენარე, რეცეპტები

3708 Views

ქაცვი (Облепиха, Hippophae rhamnoides) ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა ფშატისებრთა ოჯახიდან. სიმაღლით 1,5-3,5 მ, იშვიათად 10 მ-მდე სიმაღლის ხეა. მას ქართლში კატაფშატას, ჭყარტლას ეძახიან, კახეთში – ეშმაკის ფეხას, რაჭაში – ტუნირს, გურიაში – ყვავტყემალას.

აქვს სუსტი, ზედაპირული, ზონრისებური ფუნჯა ფესვთა სისტემა, ეკლის დაბოლოებული ყლორტები.

ფოთლები მორიგეობითია, მოკლე ყუნწებით, ხაზურ-ლანცეტა, სირგძით 2-8 სმ, სიგანით 0,5 სმ. კიდემთლიანი, ზემოდან მონაცრისფრო-მუქი მწვანე, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრი, დაფარული თეთრი და რუხი ვარსკვლავისებრი ბუსუსებით.

ყვავილები ორბინიანია, სწორი ხამისებური, უფურცლებო ყვავილსაფარით. ნაყოფი წვნიანი, პრიალა, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მოწითალოა, სფეროსებრი ფორმისაა, 1 სმ-მდე სიგრძის კურკით, სპეციფიკური გემოთი და არომატით.

ყვავილობს აპრილ-მაისში, ფოთლების გაშლამდე ან მასთან ერთად. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბრის განმავლობაში.

ქაცვი გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლემდე. გვხვდება მდინარის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე ერთნაირად კარგად იტანს როგორც ზაფხულის სიცხეს, ასევე ზამთრის ყინვასაც.

ამზადებენ ქაცვის მწიფე ნაყოფს. ნაყოფის შეგროვებას აწარმოებენ  ხელით, ჩამობერტყვით,ტოტების დამტვრევით (რაც ცხადია აჩანაგებს ქაცვის ბუჩქებს) ან სპეციალური, მოღუნულბოლოებიანი მავთულის პინცეტის საშუალებით და ათავსებენ სპეციალურ ტარაში.

ახლად შეგროვებულ ნაყოფს ინახავენ არაუმეტეს 3 დღისა გრილ, ბნელ ადგილას, ხოლო გაყინულს – ექვსი თვის განმავლობაში.

ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით, დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი (თითქმის 4%), ორგანული მჟავები (2,6%), ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.

ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.

მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ბევრი ავტორის ცნობით ქაცვის ზეთი ხელს უწყობს  უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ.

ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის და პაროდონტიტების მკურნალობის დროს. გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.

ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის დასხივებისას, სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად. თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ მთელი კურსის მანძილზე და მისი დამთავრების შემდეგაც 2-3 კვირის განმავლობაში.

ქაცვის ნაყოფის ნახარშს, რომელსაც კუჭის დაავადების დროს სვამენ, ამზადებენ შემდეგნაირად: 3 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი (ნატურალური) გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი 2-3 ჭიქა დღეში (უმჯობესია უზმოზე).

ტოტების და ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები, დაასხით ცივი წყალი 0,5 ლ, ადუღეთ 5 წთ-ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გააცივეთ 30 წთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთ ჯერზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება. 2 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 2-4 სთ-ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მლ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის კანში საღამოს ყოველდღიურად.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). მკურნალობის პირველი 3-4 დღის მანძილზე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2% სოდის ხსნარი 1/4 ჭიქა, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური მიღების დროს მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.

ქაცვის ზეთის მისაღებად გაჭლეტილ, წვენგამოწურულ მასას დაასხით ასეთივე რაოდენობით მზესუმზირის რაფინირებული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა). ნარევი შედგით ჰაერღუმელში წყლის აბაზანით და გააჩერეთ იქ 24 სთ-ის განმავლობაში 60 გრადუს ტემპერატურაზე.

უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები იშლება და მიღებულ ზეთს ეკარგება სამკურნალო თვისებები. შემდეგ შეგრილებული ნარევი გაწურეთ.

თუ გინდათ მიიღოთ უფრო დიდი პროცენტული შემადგენლობის ქაცვის ზეთი, წვენგამოწურულ ახალ მასას დაასხით უკვე მიღებული ქაცვის ზეთი და იგივე პროცედურა გაიმეორეთ. ორი, სამჯერადი გამეორებით მიიღება მაღალი ხარისხის ქაცვის ზეთი. შეინახეთ გრილ ადგილას, ბოთლებში. ერთი კვირის შემდეგ ზეთი გაფილტრეთ.

ავტორები: ს. ჩაგელიშვილი, მ. გოგორიშვილი
*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

იხილეთ: ქაცვის მოვლა-მოყვანის პრაქტიკული სახელმძღვანელო

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB