გასაყიდი თევზის ტიპები
თევზი ძალზე მალფუჭებადი პროდუქტია. მას ან ცოცხლადვე ყიდიან (წყალში ან წყლიდან ახალამოყვანილს), ან აცივებენ, ან ყინავენ, ან კულინარიულად ამუშავებენ (შებოლილი, გამხმარი, დამარილებული, მარინადში ჩაწყობილი თევზი).
ცოცხალი/ახალი თევზის არჩევა
• გაფუჭებულმა ან ავადმყოფმა თევზმა შესაძლოა მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს, ამიტომ შეძენამდე კარგად დაათვალიერეთ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ლაყუჩებს — ისინი შიგნიდან მკვეთრი წითელი უნდა იყოს.
• თუ ფერმკრთალი, მონაცრისფრო ან მომწვანო-მოყვითალო შეფერილობისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ თევზი ან დიდი ხნის დაჭერილია, ან ცუდ პირობებში (მაგალითად, დაშლამულ გუბურაში) ცხოვრობდა. ნუ შეიძენთ ასეთ თევზს;
• თუ ცოცხალ თევზს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ იყოს მოძრავი, ცურავდეს წყლის სიღრმეში და არა ზედაპირზე, ლაყუჩები თანაბრად ეღებოდეს და ეხურებოდეს;
• თევზს თვალები უნდა ჰქონდეს პრიალა, ამობურცული და მკვრივი;
• ქერცლი — თანაბარი და ბზინვარე, დაფარული გამჭვირვალე ლორწოს თხელი ფენით;
• საღი თევზის ხორცი მკვრივია, ხელის დაჭერისას წარმოქმნილი ღრმული სწრაფად ამოივსება. გამოშიგვნის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ხორცი ძვალს ძნელად სცილდება.
არ შეიძინოთ ახალი თევზი, თუ:
→ ლაყუჩები (შიგნიდან) მკრთალი, მოყვითალო ან მონაცრისფრო-მოწითალო შეფერილობისაა;
→ ლაყუჩებს აქვს არასასიამოვნო სუნი;
→ თევზის კანი დაფარულია ლორწოს სქელი ფენით;
→ თვალები ჩაცვენილია, მოვარდისფრო და შემღვრეული;
→ მუცელი შებერილია, ხორცი — მორბილებული და აქვს თევზის მძაფრი, არასასიამოვნო სუნი.
გაცივებული თევზის არჩევა
გაცივებული ეწოდება თევზს, რომელიც -1-დან +5 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახება. საუკეთესო შემთხვევაში თევზს დაჭერისთანავე აცივებენ. როგორც წესი, გაცივების წინ თევზს ლაყუჩებს აცლიან და გამოშიგნავენ.
გაცივებულ თევზს ფუთავენ ყინულიან ტარაში (ყუთები, კასრები, 98% ტენიანობის პირობებში) და ისე გადაზიდავენ ან ინახავენ. ასეთ პირობებში წვრილი თევზი 3-4 დღე ინახება, მსხვილი გამოუშიგნავი თევზი — 8-9 დღე, გამოშიგნული კი 12 დღემდე ძლებს.
თუმცა მაღაზიის პირობებში გაცივებული თევზის შენახვა მხოლოდ 48 საათის განმავლობაშია ნებადართული. შენახვის ტემპერატურა -2-დან 0 გრადუსამდე უნდა იყოს.
გაცივებული თევზის არჩევისას მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ნიშნებს:
→ ხორცი უნდა იყოს მკვრივი, ხელის დაჭერისას წარმოქმნილი ღრმული მალევე უნდა სწორდებოდეს;
→ სუნი უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სახეობის ახალი თევზის სუნს;
→ ხორცი ძვალს იოლად არ უნდა სცილდებოდეს.
გაყინული თევზის არჩევა
გაყინულად ითვლება თევზი, რომელიც -18 გრადუსამდე ან უფრო ღრმად არის გაყინული და ასე ინახება. ზოგჯერ, უკეთ რომ შეინახოს, გაყინვისას თევზს წყლით ან სპირტიანი წყალხსნარით მოსარკლავენ. ამ დროს გაყინულ თევზს გადაეკვრება ყინულის თხელი ფენა, რომელიც მას გაფუჭებისა და დაზიანებისგან იცავს.
ზოგიერთი ჯიშის თევზი, მაგალითად, ორაგული, მხოლოდ მოჭიქული სახით იწარმოება. გაყინული თევზი იფუთება კასრებში ან ცელოფანგამოკრულ მუყაოს ყუთებში, გადაზიდვა ხდება -18 გრადუსზე, 98% ფარდობითი ტენიანობის პირობებში, სპეციალური მანქანებით, მატარებლით ან ვაგონ-საყინულეებით.
ასეთ პირობებში გაყინული თევზი 4-10 თვე ინახება. ერთხელ გამლღვალი და ხელახლა გაყინული თევზი მალე ფუჭდება, ამიტომ თევზი უნდა შეიძინოთ გაყინული და არა გამლღვალი, თუმცა ამ მდგომარეობაში თევზის სისაღის გარკვევა ძნელია.
ერთადერთი, რასაც გაყინული თევზის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, ყინულის ფენის სისქეა. თუ ყინული სქელია, ეს ნიშნავს, რომ თევზი არასათანადო პირობებში ინახებოდა, რის გამოც რამდენჯერმე გალღვა და ხელახლა გაიყინა ანუ დიდია ალბათობა, რომ თევზი გაფუჭებული იყოს. ნუ შეიძენთ ასეთ თევზს!
სამწუხაროდ, გაყინული თევზის სისაღის საბოლოოდ გარკვევა მხოლოდ მისი გალღობის შემდეგ არის შესაძლებელი.
თუ აღმოაჩენთ, რომ გამლღვალ თევზს აქვს მჟავე, ლპობის ან სხვა არადამახასიათებელი სუნი (გოგირდწყალბადისა, ნავთობპროდუქტებისა), ნუ მოამზადებთ მისგან კერძს!
გაფუჭებული თევზით მოწამვლა ძალზე საშიშია და შესაძლოა ღვიძლის ან თირკმელების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
შეეცადეთ, დააბრუნოთ თევზი იმ მაღაზიაში, სადაც შეიძინეთ. თუ არ დაიბრუნებენ, რა გაეწყობა; უბრალოდ მოერიდეთ მომავალში იმ სავაჭრო პუნქტს და სხვებსაც აცნობეთ, რომ ასევე მოიქცნენ.
წყარო: momxmarebeli.ge