სამოთხის ვაშლი მოხდენილი, კომპაქტური ხეა, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავილობს და ულამაზეს, წითელ, ყვითელ ნაყოფს ისხამს. ხალხში ამბობენ, მცენარე ისეთი ლამაზია, სამოთხესაც ანათებსო. ის დიდი არ იზრდება, მომცრო ტანის ხეა და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
სამოთხის ვაშლი, საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს, ყველაზე მეტად სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. მას მოსახლეობა რგავს, როგორც დეკორატიულ მცენარეს, მაგრამ მისგან არაჩვეულებრივი მურაბა მზადდება, რომელსაც სასტუმროდ „გასაპრანჭს“ ეძახიან.
სამოთხის ვაშლი კარგი დამამტვერიანებელია, თუ ათ ძირ ჩვეულებრივ ვაშლს დარგავთ და გვერდით სამოთხის ვაშლს მიურგავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეზოში საუკეთესო დამამტვერიანებელი მცენარე გვაქვს. თუმცა ჩვენთან სამოთხის ვაშლს ამ მიზნით უკვე იშვიათად იყენებენ, საქართველოში არის კარგი დამამტვერიანებელი კულტურული ჯიშები და ფერმერსაც ისინი ურჩევნიათ. ის კარგად ეგუება ყველანაირ ნიადაგს, რადგან ერთდროულად ყინვა და გვალვაგამძლეა. ხარობს ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე, ანუ უფრო მთიან ადგილებში.
სამოთხის ვაშლს კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს, ის ეროზიის საწინააღმდეგო მცენარეა და ნიადაგს კარგად ამაგრებს. კარგი საძირეა კულტურული ჯიშებისთვის. უცხოეთში მას ამ მიზნით სისტემატურად იყენებენ. სამოთხის ვაშლის მერქანი ნელა იწვის, საუკეთესო არომატი აქვს და მისი გამოყენებისას არაჩვეულებრივი გემოს მწვადი იწვება, ასევე ძვირფასი მასალაა ხორცის შესაბოლად.
სამოთხის ვაშლი, არის მთელი აფთიაქი!
მასში არის პექტინი რომელიც ასუფთავებს ნაწლავებს, ასევე ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და გულის შეტევის თავიდან აცილებას, აძლიერებს სისხლძარღვებს. სამოთხის ვაშლში არსებული ანტიოქსიდანტები ანელებს სხეულის დაბერებას; ეს ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მიკროელემენტებს: თუთიას, სპილენძს, მანგანუმს, მანგანუმს, რკინას, და სხვ.
მათში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რაოდენობა ბევრჯერ მეტია, ვიდრე ვაშლის კულტურულ ჯიშებში; საუკეთესოა, წნევის ნორმალიზებისთვის, გამოყავს ორგანიზმიდან ჭარბი მარილები და წყლი. შეიცავს მინერალურ მარილებს, რომლებიც ხელს უწყობს რევმატიზმის, თირკმელების, ღვიძლისა და კანის დაავადებებს.
სამოთხის ვაშლი სასარგებლოა დიზენტერიისა და კოლიტისთვის, რადგან ისინი უამრავ ბოჭკოს შეიცავს. რბილობისა და ნაყოფის კანის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლების წყალობით, თავიდან იცილებენ კიბოს უჯრედების გააქტიურებას.
მურაბის რეცეპტი
სამოთხის ვაშლი 1კგ, შაქარი 1კგ, წყალი 2.5 ჩაის ჭიქა, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ვანილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ვაშლს დავუტოვოთ გრძელი ყუნწი, გავრეცხოთ და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. დავასხათ მდუღარე წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ. 2.5 ჭიქა წყლისგან და 1 კილოგრამი შაქრისგან მოვადუღოთ სიროფი. ვაშლს გადაუწუროთ წყალი და მოვათავსოთ სიროფში. გავაჩეროთ 6-7 საათი, რომ ვაშლმა წვენი გაუშვას. შემდეგ დაბალ ცეცხლზე, წამოვადუღოთ 5 წუთი, შევაგრილოთ და მეორე დღეს ისევ წამოვადუღოთ 5 წუთით. ეს პროცედურა გავიმეოროთ მესამეჯერაც. ბოლოს ცხელს დავაყაროთ ვანილი და დავასხათ ლიმნის წვენი. ჩავასხათ მშრალ ქილებში.
ავტორი: ლალი გოგინავა
„ელკანას” რჩევები ბიომეურნეებს