ყურძენი – სამკურნალო და სასარგებლო თვისებები

432 Views

ყურძენიარა მხოლოდ ტკბილი სასუსნავია, მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ იცოდნენ.

უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ყურძნის ნაყოფი (რბილობი, კანი და წიპწები) მრავალ ორგანოსა და სისტემაზე მოქმედებს.

გლუკოზა და ფრუქტოზა (მათი შემცველობა დამოკიდებულია ყურძნის ჯიშსა და ამინდის პირობებზე და დაახლოებით 30%-ია) ენერგიის მარაგს სწრაფად აღადგენს, თავის ტვინის მუშაობაზე სასიკეთოდ მოქმედებს. ყურძენი ბუნებრივი ტონიკია.

კალიუმი (მისი შემადგენლობის 60% ნაყოფის კანსა და რბილობშია), ასევე ნაყოფში არსებული გლიკოზიდები აუცილებელია გულის ნორმალური მოქმედებისა და თირკმლების ჯანმრთელობისათვის.

ორგანული მჟავები – ღვინის, ვაშლის, ქარვის, ფოსფორის, ლიმონის და სხვა – ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებენ. ისინი ასევე საჭიროა კუჭ-ქვეშა ჯირკვლის კარგი მუშაობისათვის.

ყურძენი შეიცავს ვიტამინების სრულ ნაკრებს, მაგრამ განსაკუთრებით მდიდარია ასკორბინის მჟავით, კაროტინით, B ჯგუფის ვიტამინებით.

პოლიფენოლები, ფლავონოიდები და ანტოციანები (განსაკუთრებით ბევრია კანში) ბუნებრივი ანტიმჟანგავებია. ეს უკანასკნელები მავნე თავისუფალ რადიკალებს ბოჭავენ და ამით დაბერების პროცესს ანელებენ, ხელს უშლიან ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

ფოსფორი და კალციუმი ძვლის სისტემასა და კბილებს ამაგრებენ. ყურძნის წვენი თავის შემადგენლობით ახლოსაა რძესთან და ვეგეტარიანელებისთვის მისი შემცვლელია.

ყურძენი მდიდარია პექტინებით, რომლებიც ნაწლავების მუშაობის ნორმალიზაციას ეხმარებიან და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვთ.

როგორც ტკბილი წამალი, ყურძენი რეკომენდებულია გულის და თირკმლების დაავადებების, ბრონქიტისა და ფილტვების ანთების, ნერვული აშლილობის და ჰიპერტონიის დროს. ამასთან, ყურძნის სამკურნალო

ეფექტი უფრო მაღალია, თუ ნაყოფს მთლიანად – კანთან და წიპწებთან ერთად შეჭამთ და არამხოლოდ წვენს დალევთ. ყურძენი მდიდარია ვიტამინებით და ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას. ოქსიკუმარინი, რომელსაც ის შეიცავს, აწესრიგებს სისხლის შესქელებას.

ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, თირკმლებისა და ღვიძლის, პოდაგრის ინტოქსიკაციისა და ნერვული სისტემის გამოფიტვის დროს.

მუქი ფერის ყურძენი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელ ტანინებს, ამიტომ რეკომენდებულია ლარინგიტისა და ანგინის დროს ახალგამოწურული ყურძნის წვენის ყელში გამოვლება. წითელი ყურძენი უფრო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ღია ფერის.

უპირატესობა მიანიჭეთ წიპწიან ყურძენს, რადგან ის უხვად შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, აჩქარებს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას და ზრდას. ყურძნის წიპწა ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. წითელი ყურძენი რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს – ზრდის ერითროციტების რაოდენობას და ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს.

ყურძნით თერაპიის დროს საჭიროა ზოგიერთი მნიშვნელოვანი წესის დაცვა, მაშინ მისი სამკურნალო ეფექტი სწრაფად გამოვლინდება. მუქი ფერის ყურძენი ჯანმრთელობისათვის უფრო სასარგებლოა, ვინაიდან მასში მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა.

ჭამეთ მხოლოდ მთლიანი, ჯანსაღი ნაყოფი. ყურძენს წიპწებთან ერთად დიდი სამკურნალო თვისება გააჩნია, ვინაიდან თესლებში ჩვენთვის აუცილებელი ბევრი ცხიმმჟავაა.

მაგრამ თუ წიპწების ღეჭვა არ გსურთ, შეინახეთ, გაახმეთ და ყავის საფქვავში დაფქვით. ფხვნილი ნებისმიერ კერძში ან სასმელში ჩაუმატეთ, როგორც სასარგებლო ცხიმმჟავებისა და მიკროელემენტების წყარო.

ყურძენი მოიხმარეთ კვების შუალედებში, ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ, უფრო ადრე არა. ეს სამკურნალო პროდუქტი შეუთავსებელია რძესთან, ცხიმიან კერძთან, სპირტიან სასმელებთან, ქორფა ბოსტნეულსა და სხვა ხილთან. სამკურნალო მიზნით მიირთვით, როგორც ცალკე კერძი.

ყურძნის წვენი საჭმელს არ დააყოლოთ, ცალკე დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

შენიშვნა! ყურძენი, განსაკუთრებით მისი წვენი, უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის, კუჭის წყლულის, მაღალი მჟავიანობის, გასტრიტის დროს (ორგანული მჟავების დიდი რაოდენობა დაავადების გამწვავებას იწვევს), თირკმლების უკმარისობის, კალციუმის ცვლის დარღვევის, ჰეპატიტის, ციროზის, კარიესის, სტომატიტის, ორსული ქალებისა და პატარა ბავშვებისათვის (შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ანემია გამოიწვიოს).

ენოლოგთა მიერ ჩატარებული კვლევა-ძიებისა და მედიცინის მუშაკთა გულმოდგინე დაკვირვების საფუძველზე დადგენილია ყურძნის, ყურძნის წვენისა და ყურძნისგან დაყენებული ღვინის მარგებელი ფიზიოლოგიური თვისებები ადამიანის ორგანიზმისათვის.

ყურძნის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში არტერიული წნევა რეგულირდება, სისხლში ქოლესტერინის დონე კლებულობას. მაღლდება გულის კუნთის ტონუსი და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, სტიმულირდება სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნა და უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა, ამიტომ ყურძენი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.

ღვინო

ღვინო არის ყურძნის წვენის პროდუქტი – დუღილით მიღებული რთული ბიოლოგიური სითხე. ყურძნის ღვინო, ზომიერად მიღებული, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, იძენს დიეტური სასმელის მნიშვნელობას, რომელსაც აქვს ტონიზატორული და დიურეტული თვისებები და შეიცავს ყურძნის ვიტამინების მთელ გამას.

იგი შეიცავს ასევე, ადამიანის ორგანიზმის ცხოველმოქმედებისათვის მნიშვნელოვან მინერალურ- ორგანულ ნივთიერებათა კომპლექსს: წყალს (80% მდე), შაქარს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), პენტოზას, სპირტს, პექტინურ მინერალურ, მთრიმლავ, მღებავ, არომატულ, აზოტურ, რადიაქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს (B1,B2, C) და სხვა.

ყურძნის ღვინის მაღალკალორიულობა (ერთი ლიტრი სუფრის ღვინო შეიცავს 600 კალორიას) და კვებითი ხასიათი ხელს უწყობს ორგანიზმის შრომისუნარიანობის შენარჩუნება-განმტკიცებას.

ალკოჰოლური სასმელების ზომიერი მოხმარება გულისა და სისხლძარღვების მუშაობას აუმჯობესებს. ამავე დროს, თრგუნავს ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარებას.

უკანასკნელ დროს წითელი ღვინის სარგებლობაზე ბევრს წერენ.

ფრანგმა მეცნიერებმა გამოკვლევებით წითელ ღვინოში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც პროსტატის კიბოს განვითარებას აბრკოლებს (სხვათა შორის, იმავე ელემენტებით მდიდარია მწვანე ჩაი).

წითელი ღვინის გამაჯანსაღებელი მოქმედება დაკავშირებულია პოლიფენოლებთან. ამ ნივთიერებას შეიცავს ყურძნის კანი და წიპწები. პოლიფენოლები სისხლის კალაპოტში თრომბის წარმოქმნას აბრკოლებენ, სისხლძარღვებს აფართოებენ, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ. ამ სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა წითელ ღვინოში 10-ჯერ მეტია, ვიდრე თეთრში.

გაირკვა, რომ ღვინოში არის კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც სისხლძარღვებზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. ეს არის სპირტი. მასაც შეაქვს თავისი წვლილი სისხლძარღვების დახშობის პროფილაქტიკაში. სპირტი და პოლიფენოლები ერთმანეთს ავსებენ და ურთიერთ ზემოქმედებას აძლიერებენ.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი.
/აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია/

*სამკურნალოდ მცენარეები და სხვა პროდუქტები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის  რეკომენდაციის გათვალისწინებით.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB