„ECO.Georgia“-ს ფარგლებში გურიის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ტყის

საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის – „ECO.Georgia“ ფარგლებში, გურიის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედზერა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ტყეების მდგრადი მართვის გზით ემისიების შემცირება, ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის პოპულარიზაცია. 

პროექტის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი ეროვნული სატყეო სააგენტოა. სააგენტოსა და დონორის  ერთობლივი კონტრიბუციით, სამ სამიზნე რეგიონში – კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში 15 საქმიანი ეზოს მშენებლობა დასრულდა; სატყეო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის, შეძენილია მაღალი გამავლობის ავტომანქანები  და სპეცტექნიკა; ტყის მართვის გეგმების შესამუშავებლად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. 2024 წლისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოს 55 „საქმიანი ეზო“ აქვს მოწყობილი, საიდანაც მოსახლეობა შეძლებს საშეშე და სამასალე მერქნის შეძენას. საქმიანი ეზოების მოწყობა ყველა მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, დავით დამენიას განცხადებით, მერქნული რესურსის სწორი გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უკანონო ტყითსარგებლობის რისკების შემცირებას. 

„მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის უმთავრესი პირობაა სატყეო გზებისა და საქმიანი ეზოების განვითარება. ჩვენი მიზანია, საშეშე მერქნის ღირებულება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვი. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ საქმიან ეზოში დასაქმებულია მინიმუმ 7 ადგილობრივი მოსახლე”, – აღნიშნა დავით დამენიამ. 

საქმიან ეზოში დღევანდელი მდგომარეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 1 მ3 საშეშე (სათბობი) რესურსის ფასი (წიწვოვანი, ფოთლოვანი) შეადგენს: 

  • ფოთლოვანი მერქნიანი სახეობები – 105 ლარი (ტრანსპორტირებით); 
  • წიწვოვანი მერქნიანი სახეობები – 100 ლარი (ტრანსპორტირებით).

დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება, 1 მ3-ისთვის – 0,50 ლარი; საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვის მომსახურების ღირებულება 1კბმ-ზე შეადგენს 20 ლარს. მოსახლეობა საქმიან ეზოებში მომსახურეობის საფასურის გადახდას შეძლებს ლიბერთი ბანკის ტერმინალებით. 

პროექტს, 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში (სამი სამიზნე რეგიონი: კახეთი, გურია და მცხეთა-მთიანეთი, რვა სატყეო უბანი – ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, თიანეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი და ახმეტა), ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა განათლების ცენტრი ახორციელებს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ECO.Georgia“  ფარგლებში, უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებით კონტროლის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  შესაძლებლობების გაძლიერება და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს სოფლის განვითარების სააგენტოს იმ მიზნობრივი პროგრამების შესახებ, რომლებიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს  პროგრამები გულისხმობს, როგორც ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის მწარმოებლების ხელშეწყობას, ასევე, მომხმარებლებისათვის ენერგოეფექტურ ღუმელებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამიზნე მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკა – დრონები, ფოტოხაფანგები, ვიდეორეგისტრატორები, პლანშეტები და სხვა. აღნიშნული აღჭურვილობა და შესაბამისი მანქანები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეხმარება, უფრო ეფექტიანად განახორციელონ გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. 

საინფორმაციო შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა გურიის (ოზურგეთის, ლანჩხუთი, ჩოხატაური) მოსახლეობას მათთვის საინტერესო თემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობების და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თქვენი რეკლამა