კოლხური ჯონჯოლი (ლათ. Staphylea colchica), ბუჩქი ან ტანდაბალი ხე (2-6 მ-მდე სიმაღლის) ჯონჯოლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. აქვს გრძელყუნწიანი, სამ ან ხუთფოთოლაკიანი ფოთლები. გავრცელებულია ბალკანეთსა და მცირე აზიაში.
საქართველოში ძირითადად კოლხეთში იზრდება. გვხვდება აგრეთვე ბანისხევში (ბორჯომთან). იზრდება ტყის პირებზე, წაბლნარებსა და მუხნარებში ქვეტყედ.
ყვავილობს მაისში, მსხმოიარობს ივლისში. კოლხური ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ. თეთრი ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები კენწრულ დაკიდულ ქოლგა ან საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი.
ნაყოფი უკუკვერცხრისებრი, სიფრიფანა ბუშტივით გაბერილი 2-3 ბუდიანი წვერში შეზრდილი ამდენივე ნაკვთიანი კოლოფია. თესლი ბურთივით მრგვალი, კოლოფთან მიმაგრების ადგილას მობრტყო, მუქჩალისფერმოყავისფრო ნაჭუჭიანი.
იზრდება ტყეებში და მდინარეთა ხეობებში 1000-1200 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან იმერეთში, სამაჩაბლოში, ქართლსა და კახეთში. გვხვდება აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, სამეგრელოში.
ჩვეულებრივ ჯონჯოლთან შედარებით კოლახური ჯონჯოლის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშნებია ის, რომ კენტფრთართული ფოთლების ფოთოლაკთა რაოდენობა უმეტესწილად 3 ცალს არ აღემატება და ნაყოფის ნაკვთები წვერში განცალკევებულია. იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე.
ორივე სახეობის ჯონჯოლის თანაყვავილედები ბუტონობის ფაზაში (გასაშლელად გამზადებული საყვავილე კვირტები) ჩვენში ოდითგანვე გამოიყენება როგორც შესანიშნავი საწნილე ნედლეულია. ამის გამო ჯონჯოლს ბაღ-ვენახების ნაპირებზეც კი აშენებენ საკარმიდამო ნაკვეთებში.
ჯონჯოლის თესლისაგან ადრე ზეთსაც ხდიდნენ, რომელიც სუნითა და გემოთი ფსტის ზეთს მოგვაგონებს. მაგრამ მისი მსუბუქი გამხსნელი თვისების გამო საჭმელად ნაკლებად გამოიყენებოდა. ამ თვისებების გამო იგი საყურადღებოა როგორც ქრონიკული კუჭშეკრულობის საწინააღმდედო საშუალება.
ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.
* სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
იხილეთ აგრეთვე: ჯონჯოლის ბაღის გაშენება, მწნილის დამზადება