კაკალი (ლათ. Juglans regia) – კაკლისებრთა ოჯახში შედის. დიდი, 20 (35) მ სიმაღლის ხეა ძლიერი გუმბათისებრი ვარჯით. ღერო დაფარულია ღრმანაღარებიანი ღია ნაცრისფერი ქერქით.
ახალგაზრდა ტოტები მომწვანო-ყავისფერია. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული კენტფრთართული ფოთლები გრძელყუნწიანია, 7-9 განიერი, ელიფსური ან წაგრძელებულკვერცხისებრი კიდემთლიანი ფოთოლაკებით, რომელთაგან კენწრული ფოთოლაკი ყოველთვის უფრო დიდი და გრძელყუნწიანია.
ერთბინიანი ხეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვავილები თავჩაქინდრულ 10 სმ-დე სიგრძის მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი. თითოეულ ყვავილში მტვრიანათა რიცხვი 8-40 ცალის ფარგლებში მერყეობს. მდედრობითი ყვავილები 1-4 ცალის რაოდენობით შეკრებილია მწვანე ყლორტების კენწრულ ნაწილში.
ნაყოფი ცრუ კურკიანაა, ელიფსურიდან თითქმის მრგვალ ფორმამდე, რომელიც სიდიდის მიხედვითაც ძლიერ ცვალებადია. ნაყოფს გარეთ არსებული წენგო ხორცოვანი და მწვანეა, რომელიც მომწიფებისას შავდება და ტყვავისებრი ხდება. 1000 ცალი კაკლის წონა 6500-15000გ.
ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ფართოდ კულტივირებული ხეა. ზოგან ბუნებრივ კორომებსაც ქმნის. ჩვენთან კარგად იზრდება და უხვად ისხამს. ბარში და მთაშიც 1300 მეტრამდე სიმაღლეზე. ცალკეული ხეების სახით გვხვდება 1600-1700 მეტრზეც, მაგრამ ასე მაღლა იგი ფართოდ არაა კულტივირებული, გარდა ამისა აქ ხშირად ზიანდება ყინვებით და იშვიათად მსხმოიარობს. თანაც მეტად ცოტას ისხამს. კარგად განვითარებული ზოგი ეგზემპლარი მისი ზრდის ოპტიმალურ პირობებში 300 კგ-მდე ნაყოფს იძლევა.
კაკლის მერქანი უძვირფასესი საავეჯო ნედლეულია, იგი ადრე წონით იყიდებოდა და საზღვარგარეთ დიდი რაოდენობით გაჰქონდათ შავი ზღვით.
კაკლის გული 54-74 პროცენტ ზეთს, 12-21 პროცენტ ცილოვან ნივთიერებებს, ვიტამინ B-სა და პროვიტამინ A-ს შეიცავს. იგი საუცხოო გემოსია და მეტად ყუათიანი, საჭმელად გამოიყენება ნატურალური და ნაირგვარი ტკბილეულის სახით (ხალვა, კანფეტი, ტორტი და სხვა მრავალი).
კაკალი საქართველოში ოდითგანვე საკულტო ხედ ითვლებოდა. ახლად გამონასკვული მწვანე ნაყოფი დიდი რაოდენობით გამოიყენება მურაბისათვის. კაკლის ზეთი შესანიშნავი საკვებია და ფერწერისათვის საჭირო ლაქის მასალაა. ზეთგამოხდის შემდეგ დარჩენილი ნარჩენი 40 პროცენტამდე ცილოვან ნივთიერებებს შეიცავს 10 პროცენტ ცხიმთან ერთად. იგი საუცხოოა შინაური ფრინველების საკვებად.
ახალგაზრდა მწვანე ნაყოფი მდიდარია ასკორბინის მჟავით (3000 მგ პროცენტამდე) და კაროტინით, ამიტომ ვიტამინიან კონცენტრატის საუცხოო მასალაა. ფოთლებშიდაც ვიტამინ C-ს შემცველობა 4500 მგ პროცენტამდე აღწევს.
ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხურ მედიცინაში კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ ხმარობენ. გარდა ამისა სვამენ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასამაგრებლად ავიტამინოზის დროს. წენგოს ფხვნილი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად ითვლება.
ქართულ ხალხურ მედიცინაში ეგზემის წინააღმდეგ დიდი ეფექტურობით იყენებენ წენგოს და ჩვილ მწვანე ნაყოფებს, მათ გასჭრიან და უსვამენ ეგზემურ ადგილებზე.
კაკლის ზეთი კონიუნქტივიტების და შუა ყურის ანთების სამკურნალოდ გამოიყენება.
წენგოს გამოყენება შეიძლება ტყავის გასათრიმლად, ფოთლებს, ქერქს და წენგოს იყენებენ ქსოვილების, მატყლის, ხალიჩების და თმის ქარცისფრად ან მოყავისფროდ შესაღებად.
ხალხური მედიცინა უფრო ხშირად კაკლის ფოთოლს იყენებს. ფოთლების ჩაის – 50 გ. 1 ლ წყალზე სვამენ კანის ნაირგვარი დაავადებისას, ვენერიული სნეულებების, მრგვალი ჭიების წინააღმდეგ და კუჭ-ნაწლავის კატარის სამკურნალოდ. აღნიშნავენ, რომ დიაბეტიანებს შაქრის შემცველობას უმცირებს შარდში.
წვრილად დაჭრილი ჩვილი ნაყოფებიდან სპირტზე ნაყენს ამზადებენ. ბოთლში ჩაყრილ კაკალს ასხამენ სპირტს და მზეზე დგამენ 14 დღის განმავლობაში. შავ, სურნელოვან ნაყენს გადაასხამენ სხვა ჭურჭელში და დარჩენილ კაკალს კი შაქარს აყრიან, კარგად ურევენ და თითქმის მთელი თვე დგამენ. ასე მიიღება საუცხოო ლიქიორი.
ნაყენიც და ლიქიორიც მიიღება კუჭისა და ნაწლავების ტკივილის, კუჭის აშლილობის დროს (განსაკუთრებით საჭმლის გაძნელებული მონელებისას). ლიქიორი უფრო ნაკლებეფექტურად მოქმედებს, მაგრამ მეტად კარგი გემოსია. იღებენ ჭამის შემდეგ საჭმლის ძნელად მონელების არართული ფორმის დროს. ნაყენისათვის იღებენ დაახლოებით 30 კაკალს 1 ლ სპირტზე. ლიქიორს კი გემოვნებით მიხაკსაც უმატებენ.
თმისათვის უფრო მუქი ფერის მისაცემად თავს კაკლის ფოთლის მაგარი ნახარშით იბანენ.
სამკურნალოდ კაკლის ფოთლებს იყენებენ უყუნწოდ ღრძილებისა და ლიმფური ჯირკვლების ანთებისას, კანის დაავადებების ჩირქოვანი ჭრილობების, გასტროენტერიტის, კუჭაშლილობის სამკურნალოდ, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.
დასალევად გამოიყენება წყლიანი ნაყენი. ერთ სუფრის კოვზ ხმელ წვრილად დაჭრილ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (დღეღამის დოზა). გარეგან პრაქტიკაში იყენებენ მონახარშს: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5 ლ წყალს ასხამენ და 15 წუთს ხარშავენ.
ხალხური მედიცინა ფოთოლსა და წენგოს მრავალი დაავადების დროს იყენებს, კერძოდ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა მათ იყენებენ კუჭ-ნაწლავების ანთებისა და ტკივილის, ფურუნკულების, ჩიყვის, ტუბერკულოზის, სიფილისის, ბუასილის, ნიკრისის ქარის, სიყვითლის, სისხლიანი ნახველის სამკურნალოდ, აგრეთვე კომპრესებად ძუძუთა ბავშვების მკვებავი ქალების ძუძუს თავების დახეთქვისას. მოხარშულ თბილ ფოთლებს იდებენ ბუასილიან ადგილზე.
ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
იხილეთ აგრეთვე: კაკალი – დარგვა, გამრავლება, მოვლა, ბაღის გაშენება