„საქართველოს ბანკის“ შეღავათიანი აგროსესხის დახმარებით ტრაქტორის დასაქირავებლად რიგში დგომა აღარ მიწევს

აგროსესხი

კახელი ფერმერი, ავთანდილ ბერაძე ყვარელში 6 ჰექტარზე გაშენებულ საფერავის ჯიშის ვაზსა და 1 ჰექტარზე გაშენებულ თხილის ნარგავებს უვლის. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა მომგებიანია, თუმცა გარემო პირობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კი სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება შეძლო, რის შედეგადაც ყოველდღიური საქმიანობა საგრძნობლად უფრო გამარტივდა.

ავთანდილ ბერაძემ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში, ვენახი 2006 წელს გააშენა. ამბობს, რომ მაშინ ვაზი 5 ჰექტარზე ჰქონდა და სულ ერთი ჯიშის, ქინძმარაულის ზონის საფერავი.

წლების განმავლობაში მეურნეობის შესანარჩუნებლად, რთული პერიოდი გაიარა, თუმცა ამბობს, რომ ფერმერულ მეურნეობებში, ყველაფერი ძირითადად მაინც კლიმატურ ფაქტორზეა დამოკიდებული: „15 წლის წინათ დავიწყეთ, შევქმენით მცირე მეურნეობა. ნაბიჯ-ნაბიჯ გავმართეთ ყველაფერი. როგორც არ უნდა მოინდომოს, ფერმერის წარმატება დიდწილად ბუნებაზე, ამინდების ცვალებადობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, წლეულს სამჯერ დაგვესეტყვა ვაზი. შარშან, მართალია  კარგი მოსავალი გვქონდა, მაგრამ წლეულს იმისი მესამედიც კი ვერ მივიღეთ“, – ამბობს ფერმერი.

_ ფერმერისთვის აგროდაზღვევა ეფექტიანი გამოსავალია, თუმცა 2021 წელს ვენახი ისე დაისეტყვა, რომ დაზღვევის გაკეთება ვერ მოვასწარით, მარტო ჩვენ კი არა, მეზობლებმაც. შარშან  ვენახი დაზღვეული გვქონდა, თუმცა წლეულს დავაგვიანეთ, ამ პერიოდში სეტყვას არავინ ელოდა, აღდგომა დღეს დაგვესეტყვა ვაზი და მერე უკვე დასეტყვილი ვენახების დაზღვევას, აზრი  აღარ  ჰქონდა. _ მეუბნება ფერმერი. 

ავთანდილ ბერაძემ, ხუთ ჰექტარზე გაშენებულ ვენახს, სამი წლის წინათ კიდევ ერთი ჰექტარი დაუმატა. აქაც საფერავი გააშენა და მოსავალს მომავალი წლისთვის ელოდება.

_ როცა კარგი წელიწადია და მოსავალიც ნორმალური, 5 ჰექტარზე 50-57 ტონა ყურძენს ვიღებთ. ეს ახალი ვაზი ახალშენი, ახლა დაიწყებს მოსხმას, მომავალ წელს მივიღებთ პირველ მოსავალს. ესეც საფერავია. ვაპირებთ სხვა ჯიშების გაშენებასაც, მაგალითად ქისის დარგვა გვსურდა, მაგრამ პანდემიის გამო შევფერხდით. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მეურნეობას გავაფართოვებთ _ ამბობს ბატონი ავთანდილი.

მევენახე ფერმერი, მოწეულ ყურძენს, მთლიანად გადამმუშავებელ ქარხნებს აბარებს, თვითონ სარეალიზაციოდ ღვინოს არ აყენებს, ჩემი საქმე მევენახეობააო, ამბობს ფერმერი.

დიდი ხანი არ არის რაც ფერმერმა „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული აგროკრედიტით, ტრაქტორი შეიძინა, რამაც შრომა გაუიოლა და ეფექტიანობა უფრო გაეზარდა.

_ ტრაქტორს ძირითადად ვენახში ვიყენებთ, მიწის დასამუშავებლად, რგთაშორისების კულტივაციისთვის, ვაზის შესაწამლად, ლერწის დასაქუცმაცებლად და  ბალახის გასათიბად. ფერმერისთვის ტრაქტორი ყოველმხრივ გამოსადეგია. „საქართველოს ბანკის“ დახმარებით რამდენიმე  პრობლემა მოვაგვარეთ.  აგროვადებში ვატარებთ ყველა სამუშაოს, აღარ გვჭირდება ლოდინი და რიგში დგომა, ტრაქტორის დასაქირავებლად. ფერმერის ხელშეწყობა და შეღავათის გაწევა მეტი დოვლათის შექმნას უწყობს ხელს, რაც მარტო ფერმერული მეურნეობისთვის კი არა, ქვეყნისთვისაც სასარგებლოა – ამბობს ავთანდილ ბერაძე.

ვენახს გარდა, ფერმერს ყვარელში ერთ ჰექტარზე, თხილის პლანტაციაც აქვს გაშენებული. ამბობს, რომ თხილი ვენახზე ნაკლებმომგებიანი საქმე არ არის და არც ვენახივით ბევრ შრომას მოითხოვს.

_ თხილი 2012-2013 წელს გავაშენეთ,  ჯერ მხოლოდ 1 ჰექტარზე. როგორც ვთქვი, თხილი მომგებიანი კულტურაა და ვაპირებთ პლანტაცია უფრო დიდ ტერიტორიაზე გავაშენოთ, მაგრამ სადაც ვენახი გვაქვს, იმ ფართობებს არ შევეხებით, რადგან სავენახე მიწაა და  თხილის გაშენება კარგი არ იქნება.

ძირითადად ადგილობრივი, კახური ჯიშის თხილი „გავაზურა“ გვაქვს გაშენებული, მართალია უხვმოსავლიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ მაღალხარისხიან პროდუქციას იძლევა.

_ „საქართველოს ბანკის“ შეღავათიანი აგროსესხით შეძენილ ტრაქტორს, თხილის პლანტაციაშიც აქტიურად ვიყენებთ და საკმაოდ გვიიოლებს საქმეს.

10 წლის წინათ გაშენებული, თხილის პლანტაცია უკვე საკმაოდ შემოსავალს იძლევა. ამ ეტაპზე ბუჩქიდან 6-8 კილომდე თხილს ვიღებთ, ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლებში პლანტაცია, კიდევ უფრო მეტ მოსავალს მოგვცემს.

თხილის რეალიზაცია, პრობლემას არ წარმოადგენს: „თხილით უფრო მეტად კმაყოფილები ვართ. ერთი კილოგრამი 8-9 ლარი ღირს, რაც თხილისთვის ნამდვილად კარგი ფასია“.

ამ ეტაპზე ფერმერს მეურნეობაში, მხოლოდ ყურძენი და თხილი მოჰყავს, ამბობს, რომ სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს: „ახლა ეტაპობრივად ვსწავლობ და ვაკვირდები, რა და როგორ შეიძლება, რომ განვავითარო. გააჩნია იმასაც თუ რა, მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, პანდემიის მხრივ“.

თაკო ფეიქრიშვილი, კახეთი, ნოემბერი, 2021წ

თქვენი რეკლამა