ზუგდიდში ძველი ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი აშენდება

ზუგდიდი, ნაგავსაყრელი

სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროპული სტანდარტის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და პროგრამის განმახორციელებელი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (KfW), გერმანია საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.

„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ (ISWM II)  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ითვალისწინებს ზუგდიდის არსებული ნაგავსაყრელის დახურვასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას.

ნარჩენების მართვის ახალი ობიექტი მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს და უზრუნველყოფს ნარჩენების თანამედროვე, სპეციალური ტექნიკით უსაფრთხოდ განთავსებას, საქართველოს კანონმდებლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისად.

ობიექტზე დამონტაჟებული თანამედროვე სისტემების საშუალებით (წყლის მაღალტექნოლოგიური გამწმენდი სისტემა – რევერსული ოსმოსი, უჯრედის საიზოლაციო ფენები, გამოყოფილი აირების შეგროვების სისტემა) მიწისქვეშა წყლები, ჰაერი და ნიადაგი დაცული იქნება მავნე ზემოქმედებისგან.

ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს არის დაგეგმილი, რის შედეგადაც რეგიონში დაინერგება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა. ნარჩენების შეგროვების მომსახურება უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი და რეგიონში გაუმჯობესდება როგორც გარემო, ისე საცხოვრებელი პირობები.

სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია Atlas İnşaat შეასრულებს.

კრედო ბანკი