ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება, პროგრამა 5 წლიანია და პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.
პროგრამის ფარგლებში, განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი; განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, ბოტანიკური ბაღი და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრს; თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი, ასევე, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს; განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია. პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც
ახალი პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება, პოექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს
ღია კარის დღეზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ სამშენებლო კომპანიებს ახალი პროგრამის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა
პროგრამისა და გამოსაცხადებელი ტენდერების დეტალების, მათ შორის, პროცედურების ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ კომპანიებს დროულად და უკეთესად მოემზადონ ტენდერებისთვის
კომპანიების აქტიური ჩართულობა და კონკურენცია კი, მნიშვნელოვანია პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის.
წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო