ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მიმდინარე წლის რთველის დროს გამოიკვეთა, რომ მევენახეებისთვის პრიორიტეტი გახდა ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა.
წლის დასაწყისიდან, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მევენახე ფერმერებთან. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე, განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ აქცენტი გაკეთებულიყო არა მოსავლის რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე.
ჩვენმა მევენახე ფერმერებმა ამ მიდგომის მნიშვნელობა სწორად გაიგეს და გაითვალისწინეს; შედეგად, წელს ყურძენი არის მაღალი ხარისხის. კონდიციური ყურძენი განაპირობებს ღვინის ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებას, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, დადებითად აისახება ქართული ღვინის ფასზე და, შესაბამისად, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების შემოსავლებზე.
მაღალი ხარისხი საშუალებას მოგვცემს, ქართულმა ღვინომ სათანადო ადგილი დაიმკვიდროს საექსპორტო ბაზრებზე. ეს გზა მეღვინეობის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამა გაიარა და სასურველ შედეგამდე მივიდა. გარდა იმისა, რომ მოსავლის რაოდენობა სეტყვამაც შეამცირა, წელს, შარშანდელთან შედარებით, ყურძნის ნაკლები მოსავალი მაღალი ხარისხის ხარჯზეც მივიღეთ – ლევან მეხუზლა.
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვენახის სწორი მოვლა და ყურძნის კონდიცია უმთავრესია მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად, რაც, შემდგომ, განსაზღვრავს მის რეპუტაციას და ფასს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ინფორმაცია მოგვაწოდა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ