ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტების ურთიერთქმედება აკონტროლებს მცენარისთვის საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობას. ამ პროცესების ცოდნა და იმის გააზრება თუ როგორ მოქმედებს მათზე გარემო პირობები, საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობა და მცენარის პროდუქტიულობა.
საკვები ნივთიერებების რაოდენობა რომელსაც საჭიროებს მცენარე, სწორი ზრდა განვითარებისთვის დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
• მცენარეთა სახეობები და ჯიშები;
• მოსავლიანობის პოტენციალი;
• ნიადაგის თვისებები;
• გარემო;
• მენეჯმენტი.
ეს ფაქტორები ასევე დიდ გავლენას ახდენს დამატებით მიწოდებული საკვები ელემენტების რაოდენობაზე. როდესაც ნიადაგს არ შეუძლია მცენარე მოამარაგოს საჭირო რაოდენობის საკვები ელემენტებით, ამ დროს აუცილებელი ხდება ხელოვნური გზით, მინერალური ან ორგანული სასუქების სახით შევავსოთ ნიადაგის მარაგები. მცენარისთვის მისაწოდებელი საკვები ელემენტების ზუსტი რაოდენობების დასადგენად, საჭიროა კულტურის კვებითი მოთხოვნების და ნიადაგში ამ ელემენტების მცენარისთვის ხელმისაწვდომი ფორმების რაოდენობების განსაზღვრა.
მცენარის საკვები – მიკრო და მაკრო ელემენტები
აზოტი – მცენარის მასის 1-6% ს შეადგენს, შეითვისება NO3- და NH4+ ფორმით. მცენარეში აზოტი ცილების და ნუკლეინის მჟავების შენების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. აზოტი არის ქლოროფილის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გარდაქმნის ფოტოსინთეზისთვის აუცილებელ სინათლეს ქიმიურ ენერგიად.
აზოტის ადეკვატური მარაგი ასოცირდება მაღალ ფოტოსინთეზურ აქტივობასთან, ენერგიულ ვეგეტატიურ ზრდასთან, მუქ მწვანე ფერთან და მცენარის ნაყოფში ცილის შემცველობასთან.
ამ საკვები ელემენტის ჭარბმა რაოდენობამ რაც ურთიერთკავშირშია P, K, S საკვები ელემენტების დეფიციტთან, შეუძლია შეაყოვნოს ნაყოფის დამწიფების პერიოდი. აზოტის ჭარბი რაოდენობით მიწოდება ბევრ მცენარეში, რომელებიც იზრდებიან ნაყოფიერ გარემოში იწვევს უკონტროლო ვეგეტატიურ ზრდას და ზრდის ფოთლის დაავადებების შემთხვევებს. ნახევრად-მშრალ და მშრალ კლიმატურ პირობებში, სეზონის დასაწყისში, ძლიერი ვეგეტაციური ზრდის სტიმულაციამ, შესაძლოა დაწიოს ნიადაგის ტენი, რეპროდუქციული ზრდის სტადიაზე, როცა მცენარე ყველაზე მეტად მგრძნობიარეა წყლის სტრესზე.
აზოტის მიწოდება მოქმედებს ნახშირწყლების გამოყენებაზე. როდესაც N-ის მარაგი არის ადეკვატური და გარემო პირობები ზრდისთვის შესაფერისი, წარმოებული ნახშირწყლების დახმარებით ფორმირდებიან ცილები. დაბალ N ზე ნახშირწყლები შეიტანება ვეგეტატიურ უჯრედებში, რაც იწვევს მათ გასქელებას, წარმოიქმნება მეტი პროტოპლაზმა(წყლით სავსე ორგანო). მეტისმეტი წყლიანობა ბამბაში ასუსტებს ბოჭკოს, ხოლო მარცვლეულ კულტურებში შეიძლება გამოვლინდეს „ჩაწოლა“განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გვაქვს K ს მცირე მარაგი. ხშირ შემთხვევაში გადამეტებული ტენიანობა ზრდის დაავადებებისა და მწერების მიერ დაზიანებების რისკებს.
ფოსფორი – ფოსფორის შემცველობა მცენარეში მერყეობს 0.1-0.5% დიაპაზონში. მნიშვნელოვნად მცირეა ვიდრე N, K ს კონცენტრაცია. მცენარეები შეითვისებენ ორივეს H2PO4- და HPO4- , ასევე უნდა ითქვას რომ მცენარეები შეითვისებენ ხსნად დაბალმოლეკულურ ორგანული ფოსფორის შენაერთებს (მაგ. ნუკლეინის მჟავები, ქიტინი…).
მცენარეში ფოსფორის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ენერგიის გადატანა და შენახვა. რათა შემდგომში მცენარემ ეს ენერგია მოახმაროს ზრდას და რეპროდუქციულ პროცესებს. ფოსფორის ადეკვატური შემცველობა მცენარეში ასოცირდება ფესვების ზრდის სიჩქარის მატებასთან. ხსნადი ფოსფორის H2PO4- ადეკვატური რაოდენობის ფესვებთან ახლოს შეტანისას მცენარის ფესვი ფართოდ იწყებს გავრცელებას ფოსფორით დამუშავებულ ნიადაგში, მსგავს შედეგებს ვიღებთ როდესაც ფესვების გარშემო არეალს ვამუშავებთ NO3- და NH4+ ის შემცველი ხსნარებით. ფესვების ზრდა თავისთავად ასოცირდება საკვები ელემენტების და წყლის შეთვისების არეალის ზრდასთან. რაც დიდია ფესვით დაფარული ნიადაგის არეალი, მით დიდია შეთვისებული მინერალების და ტენის რაოდენობა. ფოსფორი ნაყოფისა და თესლის განვითარების პროცესში ჩართული ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ის ასევე ამცირებს ნაყოფისა და თესლის მომწიფებისთვის საჭირო დროის რაოდენობას.
კალიუმი – კალიუმი შეითვისება მცენარის ფესვების მიერ როგორც K+ და იგი მცენარის მშრალი მასის 1-5%-ს შეადგენს.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი ხარისხობრივი თვისებებისთვის კალიუმს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. იგი მონაწილეობს ფოტოსინთეზის პროდუქტების სინთეზში და ტრანსპორტში, მცენარის რეპროდუქციის და სამარაგო ორგანოებში (მარცვალი, ნაყოფი, ბოლქვი…). ასევე შემდგომ ტრანსფორმაციებში ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების და სხვა პროდუქტების. მაგალითად ხილსა და ბოსტნეულში კალიუმის ადეკვატური რაოდენობა ზრდის ნაყოფის ზომას, აუმჯობესებს ფერს, გემოს, ზრდის კანის სისქეს-რაც ასე მნიშვნელოვანია ხარისხიანი მოსავლისა და, უდანაკარგო შენახვისთვის.
გოგირდი – გოგირდის ათვისება მცენარის ფესვების მიერ ხდება სულფატის სახით SO4-2. ჩვეულებრივ მცენარეებში გოგირდის კონცენტრაცია მერყეობს 0.2-0.5% ის ფარგლებში. მცენარეში გოგირდი საჭიროა S ის შემცველი ამინომჟავების სინთეზისთვის (ცისტინი, ცისტეინი, და მეთიონინი), შენაერთების რომლებიც არის აუცილებელი კომპონენტი მცენარის ცილის. ცისტეინისა და მეთიონინის შემადგენლობა იზრდება მაშინ როცა მატულობს გოგირდის შემცველობა მცენარის ფოთლებში. S ის დეფიციტი ვლინდება მცენარის ზრდის სიჩქარის შეფერხებით, მცენარე წყვეტს ზრდას, წვრილდება და უჩნდება ქლოროზის ნიშნები.
კალციუმი -კალციუმის(Ca+) კონცენტრაცია მცენარეში მერყეობს 0.2-1.0% დიაპაზონში. მცენარეები მას ნიადაგის ხსნარიდან შეითვისებენ. კალციუმი აკონტროლებს ნახშირწყლებისა და ცილების გადაადგილებას. ამ საკვები ელემენტის დეფიციტისას ნახშირწყლების გადამეტებული რაოდენობა გროვდება ფოთლებში , შესაბამისად მცირდება მათი რაოდენობა ღეროსა და ფესვებში, რაც უარყოფითად მოქმედებს ფესვების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. კალციუმის დეფიციტისას მცირდება წყლისა და საკვები ელემენტების შეთვისების ხარისხი, რადგან მცენარეს აღარ აქვს საკმარისი ენერგიის მარაგები მათ შესათვისებლად. საბოლოო ჯამში Ca+ სტრესი იწვევს დეფექტებს, განუვითარებლობას ბევრი ხილისა და ბოსტნეულის სამარაგო ორგანოების (ნაყოფი, ბოლქვი…)
მაგნიუმი – მცენარეები შეიცავენ 0.1-0.4% Mg+2 ს. Mg+2 როგორც პირველადი შემადგენელი ნაწილი ქლოროფილის, აუცილებელია ფოტოსინთეზის წარმოებისთვის. ქლოროფილი შეიცავს მცენარეში არსებული მთელი მაგნიუმის 15-20% ს. მაგნიუმი ასევე წარმოადგენს რიბოსომის სტრუქტურულ კომპონენტს. მცენარეში Mg+2 ის დეფიციტისას, იზრდება ცილოვანი აზოტი და მცირდება არაცილოვანი-N. ბევრ მცენარეში, მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ფოთლებში ვენათშორის ქლოროზსს, სადაც მხოლოდ ფოთლის ვენები(ძარღვები) ინარჩუნებენ მწვანე ფერს. მცენარის Mg+2 ით ხანგრძლივი შიმშილისას, ფოთლის ქსოვილები იცვლებიან ქლოროზულიდან ნეკროზულისკენ. ზოგიერთ სახეობებში ქვედა იარუსის ფოთლები იღებენ მოწითალო-ვარდისფერ შეფერვას, ეტაპობრივად გარდამავალს ყავისფერში და საბოლოოდ ვიღებთ ნეკროზს.
მიკროელემენტები
მიკროელემენტები ისეთივე მნიშვნელოვანია მცენარისთვის როგორც მაკროელემენტები, მათ ვუწოდებთ მიკროს რადგან ისინი მცირე რაოდენობით გვხვდებიან მცენარის და ნიადაგის შემადგენლობაში. მცენარეები რომლებიც იზრდებიან მიკროელემენტების დეფიციტის ქვეშ ამჟღავნებენ მსგავს სტრესებს და მოსავლიანობის შემცირებას, როგორც მაკროელემენტების დეფიციტისას. ამის გამო ნიადაგში მათი არასაკმარისი რაოდენობით არსებობისას საჭიროა მათი მარაგები შეივსოს მინერალური ან ორგანული სასუქებით. მცენარისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს მიეკუთვნება: რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, ბორი, მოლიბდენი, და რამდენიმე დამატებითი ელემენტი კობალტი, ნატრიუმი, სილიციუმი, სელენიუმი, ქლორი.
როგორ ხვდებიან საკვები ნივთიერებები მცენარეებში?
მხოლოდ პარკოსნებში გარდაიქმნება ატმოსფეროს აზოტი ნიტრატად, მათ ფესვებზე განვითარებული კოჟრის ბაქტერიების მეშვეობით. სხვა შემთხვევებში, საკვები ნივთიერებები მცენარეს უნდა მიეწოდოს ფესვიდან და დამატებითი კვების სახით კი ფოთლიდან.
მცენარე ფესვის საშუალებით შეითვისებს საკვებ ელემენტებს (კათონები და ანიონები) ნიადაგის წყალხსნარიდან და ასევე თავის მხრივ გამოათავისუფლებს მცირე რაოდენობის იონებს (H+, OH-, and HCO3-) უკან ნიადაგის ხსნარში რათა შენარჩუნდეს ხსნარის ელექტრო ნეიტრალურობა. როდესაც ხდება ფესვის მიერ იონების შეთვისება, ნიადაგს წყალხსნარში საკვები ელემენტების კონცენტრაცია მცირდება, რაც იწვევს კონკრეტული ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების გააქტიურებას რათა თავიდან შეივსოს დაკარგული იონის რაოდენობა.
საკვები ნივთიერებების გადაადგილება ფესვებისკენ:
მაკრო და მიკროელემენტები მცენარეთა ფესვთა სისტემაში ხვდება რამდენიმე მეთოდით. მათ შორის: მასობრივი ნაკადით, დიფუზიით, ბუსუსა ფესვების უწყვეტი წარმოქმნით, ანუ ფესვის ზრდით და შერჩევითი შეთვისებით.
მასობრივი ნაკადი
საკვები ნივთიერებების მასობრივი ნაკადით გადინება ფესვებისკენ გამოწვეულია მცენარის ტრანსპირაციით. ესე იგი, მცენარის ფესვები იღებენ წყალს და შესაბამისად მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს, როდესაც ტრანსპირაციის შედეგად აორთქლებული წყლის ჩანაცვლება ხდება ახლით.
ზოგადად, წყლის მასიური ნაკადის მეშვეობით, ნაყოფიერ ნიადაგებში, ფესვებისკენ გადაადგილდება საჭირო რაოდენობაზე 7-10 ჯერ მეტი კალციუმი და ნატრიუმი, მაგნიუმი უმეტეს შემთხვევაში ნორმით, ხოლო ფოსფორი ნორმაზე ნაკლები. ზოგჯერ კი კალიუმიც, ოღონდ მცენარის მოთხოვნილისების მხოლოდ 1/10.
დიფუზია
საკვები ნივთიერებების დიფუზია ხდება მაშინ, როდესაც იონები იმაზე უფრო სწრაფად გადაადგილებიან ფესვებისკენ, ვიდრე მასობრივი (ტრანსპირაციის) ნაკადის შემთხვევაში. ესე იგი, როდესაც გაზრდილი კონცენტრაციის გრადიენტის გამო ხდება იონის დიფუზია.
განმარტება: კონცენტრაციის გრადიენტი ეწოდება რაიმე ნივთიერების კონცენტრაციების სხვაობას სივრცის სხვადასხვა ნაწილში. ნივთიერებები თავად დიფუზირებენ თავიანთი გრადიენტების მიმართულებით, მაღალი კონცენტრაციიდან დაბლისკენ.
ფესვის ზრდა და ბუსუსა ფესვები
ფესვების ზრდა და ნიადაგში უფრო მეტი ფართობის ათვისება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ნელი დიფუზიის უნარის მქონე ელემენტისთვის, როგორიც არის ფოსფორი. ამიტომაც, ახალი ძირითადი ფესვების და მათზე დამატებით ბუსუსა ფესვების წარმოქმნა, ფოსფორის და ასევე სხვა საკვები ელემენტების ათვისების წინაპირობაა.
შერჩევითი შეთვისება
ნიადაგის ხსნარში მოძრავი საკვები ნივთიერებების შეწოვა ფესვების მიერ შეიძლება შეიზღუდოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ელემენტი ჭარბი რაოდენობით არის წარმოდგენილი. ვინაიდან:
- ფესვებს გააჩნიათ გარკვეულწილად შერჩევითობის უნარი საკვები ნივთიერებების მიმართ.
- მცენარის ფესვებში და ნიადაგის წყალხსნარში არსებული, ერთი და იგივე ელემენტის იონების კონცენტრაცია სხვადასხვაა.
შერჩევითი შეთვისების ორი მეთოდია ცნობილი:
- ასათვისებელი ელემენტების შერჩევითობა: იონური გაცვლის გზით, ფესვთა სისტემის მიერ შთანთქმული ნივთიერებები მცენარეების მიერ გამოიყენებიან, ინახებიან და შემდეგ გამოიყოფიან. იონური მიმოცვლა ფესვის მემბრანაში შეიძლება მოხდეს კათიონის გაცვლის, დიფუზიის ან სპეციალური იონური გადამტანების საშუალებით.
- ფესვების მიერ შეწოვილი საკვები ელემენტების მხოლოდ გარკვეული ნაწილის გადაადგილება ზემოთ, მცენარის სხვა ნაწილებისკენ.
არაორგანული და ორგანული სასუქები.
ზოგადად, მყარი ფორმის ორგანულ სასუქებში და ნიადაგის ორგანულ ნაწილში არსებული საკვები ნივთიერებები სწრაფად ვერ აითვისებენ მცენარეთა ფესვთა სისტემის მიერ.
მათი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ნიადაგის მიკროორგანიზმების მიერ ამ ორგანული ნივთიერებების დაშლის სიჩქარეზე. თუ მიკროორგანიზმების აქტიურობისათვის ნიადაგური პირობები არადამაკმაყოფილებელია (დაბალი pH, ძალიან მშრალი, ზედმეტად ტენიანი ან მშრალი გარემო), ამ შემთხვევაში მცენარეს მცირე რაოდენობით საკვები ნივთიერებები მიეწოდება.
მიუხედავად მყარი ორგანული სასუქების ნელი ხსნადობისა, გრძელვადიანი გათვლებისას, ის მაინც მაკრო და მიკროელემენტების საუკეთესო წყაროა მცენარისათვის. ნიადაგის კარგი სტრუქტურის უზრუნველსაყოფად ორგანულ ნაწილს დიდ როლი აკისრია. ის ასევე მნიშვნელოვანია ნიადაგში საკვები ნივთიერებებისა და ტენიანობის შესანარჩუნებლად.
ბაღებში ნიადაგის მართვის ტექნიკა აუცილებლად უნდა მოიცავდეს გაშენებამდე და გაშენების შემდეგ, ნარგაობების ორგანული ნივთიერებებით უზრუნველყოფას.
მაგალითისათვის, როდესაც ნარგაობებში სარეველების წინააღმდეგ იყენებენ მხოლოდ ჰერბიციდს და გამოკვებისთვის კი მხოლოდ მინერალურ სასუქებს, ამით ნიადაგის ორგანული ნაწილი ღარიბდება, სტრუქტურა დეგრადირდება და იმატებს ეროზიის რისკები.
რეკომენდაცია ეძლევა ნიადაგის მოვლის სხვადასხვა მეთოდებს. მათ შორის:
- ნარგაობის მწკრივების მულჩირება ორგანული მასალებით.
- ზამთრის განმავლობაში მწკრივებში ბალახეული მწვანე საფარის ჩამოყალიბება და მერე გაზაფხულზე მისი დამუშავება შესაბამისი ფრეზი-მულჩერის აგრეგატით ან ჰერბიციდით, რათა კონკურენციაში არ მოვიდეს ნარგაობასთან.
როდის უნდა იქნას გამოყენებული სასუქები?
წინათ NPK სასუქებით ნარგაობების გამოკვება ხდებოდა ხოლმე გვიან ზამთრიდან ადრე გაზაფხულამდე პერიოდებში. ამ მეთოდით შეტანა (წელიწადში ერთხელ) იაფი ჯდებოდა და ნიადაგის ზედაპირიდან ფესვებისკენ გადაადგილება დამოკიდებული იყო ამ პერიოდებში მოსულ ნალექებზე.
ამ მიდგომას აქვს მთელი რიგი უარყოფითი მხარეები:
(ა) ზოგიერთი ელემენტი, განსაკუთრებით აზოტი, ირეცხება ნიადაგის ქვედა ფენებისკენ და მიუწვდომელია ფესვებისთვის იმ დროს, როდესაც იწყება ახალი ყლორტების ზრდა, რადგან როგორც წესი, მცენარე ახალი მწვანე ნაზარდის განვითარებისას იწყებს საკვები ნივთიერებების შეწოვას ნიადაგიდან ახალი ყლორტების ზრდის დაწყებამდე.
(ბ) სასუქის ერთბაშად დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგში მინერალური დისბალანსი.
(გ) საკვები ნივთიერებები, რომლებიც ადვილად არ ფიქსირდებიან შთამნთქმელ კომპლექსში, გამოირეცხებიან ნიადაგიდან და ზაფხულში იქმნება დეფიციტი, რადგან ამ დროს მცენარეებს ჯერ ისევ აქვთ საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილება.
აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა, ბლის კულტურაში აჩვენეს აზოტის გამოყენების მნიშვნელობა მოსავლის აღებიდან ზაფხულის ბოლო პერიოდებამდე, ძლიერი საყვავილე კვირტების წარმოქმნისა და დამდეგი გაზაფხულისთვის ახალი ყლორტების ზრდის ინიცირებისთვის.
ბლის კულტურაში მოსავლის აღების შემდეგ პერიოდებში დაგროვებულ აზოტის მარაგებზეა დამოკიდებული მომდევნო წლის ყვავილობა და აგრეთვე ყლორტების ზრდის და ნაყოფის ჩამოყალიბების ადრეული ეტაპები.
საკვებ ნივთიერებებზე, რადგან მცენარის მოთხოვნილება საკვებ ნივთიერებებზე სხვადასხვაა მთელი სეზონის განმავლობაში.
მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს სასუქების მიწოდების დროები და ნორმები.
ეტაპი 1: ყვავილობა და გამონასკვა.
ზამთრის მოსვენების პერიოდის გავლის შემდეგ, გაზაფხულზე აახლებს ზრდა-განვითარებას. ზემოთ ნახსენები ყვავილობის და ადრეულ ნაყოფ-ყლორტების ჩამოყალიბების პროცესი უმეტესწილად წინა წლის საკვები ნივთიერებების მარაგებით მიმდინარეობს. ხოლო როდესაც ფოთლები მიაღწევენ სრულ ზომებს და ყლორტების ზრდა დაჩქარდება, დაახლოებით მაშინ ხდება მცენარეში სრულყოფილად ახალი საკვები ნივთიერებების ათვისება ნიადაგიდან.
ეტაპი 2: ყლორტების ზრდა.
ყლორტების სწრაფი ზრდის პერიოდში, ნაყოფის ზრდა ნელდება მაგრამ, არ ჩერდება. ამ პერიოდში ნიადაგიდან ამოღებული საკვები ნივთიერებები ძირითადად გამოიყენება ყლორტების ზრდისთვის.
ეტაპი 3: ნაყოფის სწრაფი ზრდა.
ეს არის პერიოდი არის მოსავლის აღებამდე 3-4 კვირით ადრე, როდესაც ნაყოფი სწრაფად იზრდება ზომაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის უწყლოობისაგან მიღებული სავარაუდო სტრესის თავიდან აცილება. სასუქები, განსაკუთრებით აზოტი, არ უნდა იქნას გამოყენებული ამ პერიოდში.
ეტაპი 4: მოსავლის აღების შემდეგ.
ამ პერიოდში მცენარეში საკვები ნივთიერებები გროვდება მომავალი გაზაფხულისთვის. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ხის ზრდა შეჩერდება, შეიძლება გამოყენებულ იქნას სასუქების საერთო რაოდენობის დაახლოებით 50%. ამ დროს მიღებული საკვები ნივთიერებები მოძრაობს ხის ფოთლებში, კვირტებსა და ყლორტებში. ხოლო ფოთოლცვენამდე კი ასწრებს დარეზერვდეს ხის უფრო მკვრივ ნაწილებსა და ფესვებში.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ იოტო აგრო www.iotoagro.ge