მოგების ანგარიში (ცხრილი) სიმინდის მოვლა–მოყვანისას

ვინაიდან ძალზედ აქტუალურია მემცენარეობის პროდუქტების წარმოების მარჟინალური მოგებების საკითხი, ვიწყებთ ცხრილების მოწოდებას. წინამდებარე ცხრილში მოცემულია ანგარიში წელიწადში 1 ჰა–ზე თეთრი სიმინდის მოვლა–მოყვანისას დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული ტექნოლოგიის მოხედვით. მასში მოყვანილი ციფრები წარმოადგენენ ბოლო 3 წლის საშუალო მაჩვენებლებს.

ანგარიშის შედეგად მიღებული ზოგიერთი ციფრი დამრგვალებულია. ჯერ გამოთვლილია შემოსავლები, ხოლო შემდეგ კი ცვლადი დანახარჯები. შემოსავლებს მინუს ცვლადი დანახარჯები, მიიღება მარჟინალური მოგება (ინგლ. Gross margin). დეტალურად განვიხილოთ თეთრი სიმინდის მოვლა–მოყვანის ტექნოლოგია.

1 სტრიქონში მოცემულია ხვნის პროცესის ხარჯები. ამ პროცესს მასალათა დანახარჯები არ გააჩნია, ამიტომ მასალათა ხარჯებში (სვეტი 5) წერია ციფრი ნული.

მექანიზაციაზე გაწეული ხარჯები დამოკიდებულია ხვნისას გამოყენებული სასოფლო–სამეურნეო აგრეგატზე. ჩვენს შემთხვევაში საწვავის რაოდენობა აღებულია 30 ლიტრი/ჰა–ზე (სვეტი 6), ხოლო მისი ფულადი ხარჯია 30 ლიტრი/ჰა*2.2 ლარი/ლიტრი = 66 ლარი/ჰა (სვეტი 7). შრომის ხარჯებში (სვეტი 8) მოცემულია მექანიზატორის ხელფასი ჰა–ზე, ხოლო თუ მუშა ოპერაცია სრულდება ხელით, მაშინ შრომის ხარჯში წარმოდგენილია დაქირავებული მუშა–ხელის ხელფასი.

მოხვნისას მექანიზატორის ხელფასი შეადგენს 30 ლარი/ჰა. სულ ტექნოლოგიური პროცესის დანახარჯები ტოლია მასალათა ხარჯებს (სვეტი 5) დამატებული მექანიზაციის ხარჯები (სვეტი 7) და დამატებული შრომის ხარჯები (სვეტი 8). ე.ი. 0+66+30=96 ლარი/ჰა. ზუსტად ასევე იანგარიშება დაფარცხვის დანახარჯებიც (სტრიქონი 2).

რაც შეეხება თესვას, ამ პროცესს თან ახლავს თესლის ხარჯებიც, კერძოდ – უნდა გავითვალისწინოთ სათესლე მასალის ხარჯები: ჩვენს მაგალითში თესვის ნორმაა 35კგ/ჰა (სვეტი 2), მისი ფასია 0,7 ლარი/კგ (სვეტი 4), ხოლო სათესლე მასალის ფულადი ხარჯია 35 კგ/ჰა*0,7ლარ/კგ=24,5 ლარი/კგ (სვეტი 5). სულ თესვის პროცესის დანახარჯებია: 24,5+22+15=61,5 ლარი/ჰა.

მსგავსად იანგარიშება სხვა ტექნოლოგიური პროცესების დანახარჯებიც. ე.ი. ზოგადად, რომელიმე ტექნოლოგიური პროცესის დანახარჯი – სვეტი 9, უდრის სვეტი 5 + სვეტი 7 + სვეტი 8. მინერალური სასუქების ნორმები განსაზღვრულია პროდუქციის მიერ ნიადაგიდან სუფთა საკვები ნივთიერებების შეთვისების მიხედვით და ეყრდნობა დასავლეთ ევროპის უახლესი კვლევების მონაცემებს [4], [5].

ამ მონაცემების მიხედვით 1 ტონა სიმინდს ჩალასთან ერთად ნიადაგიდან გამოაქვს დაახლოებით 27 კგ სუფთა აზოტი, 19 კგ სუფთა ფოსფორი და 25 კგ სუთა კალიუმი, ანუ, თუ ჩვენს შემთხვევაში სიმინდის მარცვლის მოსავლიანობა შეადგენს 3,5 ტ/ჰა–ზე, ჩვენ ნიადაგს უნდა მივაწოდოთ 27 კგ/1ტ * 3,5 ტ/ჰა =95 კგ/ჰა სუფთა აზოტი, 19კგ/1ტ * 3,5 ტ/ჰა = 67 კგ/ჰა სუფთა ფოსფორი და 25კგ/1ტ * 3,5 ტ/ჰა = 87,5 ტ/ჰა სუფთა კალიუმი. სწორედ ეს ნორმებია მოცემული 2 სვეტის 5, 6 და 7 სტრიქონებში. თუ გვაქვს 33%– იანი აზოტოვანი სასუქი, მაშინ 95კგ/ჰა / 33% = 313 კგ/ჰა, ანუ დაახლოებით 6 ცალი 50 კილოგრამიანი აზოტოვანი სასუქის ტომარა.

marjmog_tetrsimindi_209877

ავტორები: რ. მარგალიტაძე ვ. გოლიაძე
აგროსერვის ცენტრი

შემდეგში შემოგთავაზებთ ცხრილებს სხვა კულტურებისთვის

თქვენი რეკლამა