ხურტკმელი (Grossularia reclinata), სხვა კენკროვან ხილთან ერთად, ერთ-ერთი პერსპექტიული კულტურაა. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, იგი ხურტკმელისებრთა ოჯახიდანაა და ერთ მეტრამდე სიმაღლის მრავალწლიანი ეკლიანი ბუჩქია, რომელიც ხელსაყრელ პირობებში 30-40 წელი ცოცხლობს, მაგრამ სამრეწველო მიზნებისთვის მას 15 წელი იყენებენ.
ყვავილები მომწვანო, მოწითალო ფერისაა, ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი, მოწითალო შეფერვით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები ივლისში მწიფდება, მცენარე კარგად იტანს გვალვას და სიცივეს (-30° C-მდე), სინათლის მომთხოვნია, მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად – კალმებით, ბუჩქის დაყოფით, უხვად ივითარებს ამონაყრებს.
ხურტკმელი კენკროვან კულტურებს შორის ყველაზე მსხმოიარეა. მაღალი აგროტექნიკის ფონზე, მისმა მოსავლიანობამ ჰექტარზე შეიძლება 14-20 ტონას გადაჭარბოს.
ამ კულტურისთვის არჩევენ კარგად დრენირებულ, ნოყიერ, ქარებისაგან დაცულ ნაკვეთებს. ნიადაგის მჟავიანობა უნდა იყოს рН 6,0-6,7. მის გადარგვას მიმართავენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. კვების არე: რიგებს შორის მანძილი 2,5-3 მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 0,8-1 მეტრი. 1 ჰა-ზე თავსდება 2800-3200 ძირი მცენარე.
გადასარგავად არჩევენ 1-2 წლიან, კარგად განვითარებულ ნერგებს, არა ნაკლებ 20 სმ სიგრძის ფესვთა სისტემით. ხურტკმელი არის ძალიან სასარგებლო და გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი. იგი შეიცავს A, B, C და E ვიტამინებს. ასევე მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით, მანგანუმით და რკინით.
ხურტკმელის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები:
→ ამაგრებს სისხლძარღვებს, რითაც აუმჯობესებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
→ რეგულარული მიღების შემთხვევაში ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა: ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ვენური და გულის უკმარისობა;
→ ამცირებს სისხლჩაქცევების რისკს;
→ არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონაში კლებას;
→ ფსიქიკური გადაღლილობის შემდეგ, აუმჯობესებს ემოციურ ფონს და აღადგენს ორგანიზმს;
→ აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნაღვლის გამომუშავებასა და გადინებას;
→ აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს;
→ აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
→ არეგულირებს ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს სისხლში;
→ ამუხრუჭებს დაბერების პროცესს, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
თუ 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად მიირთმევთ მწვანე ხურტმელს და დალევთ ჩაის, რომელიც მისი ფოთლებისგან მზადდება, მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობა შესანიშნავ მდომარეობაში გექნებათ.
ხურტკმელის უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარებას ხელს უშლის და ზოგადად ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ხურტკმელი ძალიან სასარგებლოა კანისთვის, გოგირდისა და ვიტამინ С-ს დიდი რაოდენობით შემცველობის გამო.
ამ კენკრის წყალობით (პირველ რიგში, მასში შემავალი მანგანუმის), მცირდება მყესების დაზიანების, მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების რისკი.
*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
ავტორი: ლალი გოგინავა
„ელკანას” რჩევები ბიომეურნეებს.
იხილეთ: ხურტკმელი (კინკრიჟა) – დარგვა, მოვლა, მოყვანა, ბაღის გაშენება