ეკოლოგია მხოლოდ საზრუნავი არ არის, მისი დახმარებით ფულიც გამომუშავებაც შეიძლება.
ამას მოწმობს პატარა გერმანული სოფლის Wildpoldsried-ის გამოცდილება, რომელიც ყოველწლიურად 5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ელექტროენერგიას აწარმოებს განახლებადი წყაროებიდან.
სოფლის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1997 წელს აიღო კურსი, საკუთარ ტერიტორიაზე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარებისკენ.
ბოლო 20 წლის განმავლობაში სოფელში 10 მზის ელექტროსადგური და 5 ბიოგაზის სადგური აშენდა, ამასთან 10 ქარის გენერატორიც დაიდგა.
ამ კომპლექსური მიდგომის შედეგად ერთი მხრივ შესაძლებელი გახდა, მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობა და მეორეს მხრივ ეს სოფლისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა.
საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა შენობის სახურავი (იქნება ეს სახლი, მაღაზია, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი) დაფარულია მზის პანელებით.
შემოგარენში პატარა მდინარებზე და ღელეებზე მინი-ელექტროსადგურები დგას, მთლიანობაში სოფელი (2500 მაცხოვრებლი) 350%-ით მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე საკუთარი მოხმარებისთვის სჭირდება.
ადგილობრივი კანონმდებლობა, ჭარბი ენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მიყიდვას ითვალისწინებს, რასაც Wildpoldsried-ის მაცხოვრებლები წარმატებით ახორცილებენ და შედეგად ყოველწლიურად, 5 მილიონ ევროზე მეტ დამატებით შემოსავალს იღებენ.