ჩინური ლიჩი ევროპულ ბაზარზე ნარჩენების გარეშე – როგორ იქმნება სრული ღირებულების მოდელი

ლიჩი

ჩინეთში ლიჩი დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ სეზონური ხილი. ის იქცა პროდუქტად, რომლის ღირებულება სრულად გამოიყენება — ნარჩენების გარეშე.

ევროპულ ბაზარზე ლიჩის მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით პრემიუმ და ეგზოტიკური ხილის სეგმენტში. მაგრამ ამ ბაზარზე გასვლა მხოლოდ ახალი ხილის ექსპორტით არ წყდება. მთავარი კონკურენცია იწყება იქ, სადაც სხვა მწარმოებლები ჩერდებიან — გადამუშავებაში.

ჩინურმა კომპანიებმა ლიჩის შემთხვევაში სწორედ ეს ნაბიჯი გადადგეს: პროდუქტი აღარ იყიდება მხოლოდ როგორც ახალი ხილი, არამედ როგორც მრავალპროდუქტიანი ჯაჭვი, სადაც პრაქტიკულად არაფერი იკარგება.

ლიჩის შემთხვევაში მთავარი გარდატეხა მოხდა იქ, სადაც ტრადიციული აგრობიზნესი ჩერდება — პროდუქტის პირველადი რეალიზაციის შემდეგ. ჩვეულებრივ, (ახალი პროდუქტის) fresh ბაზარი იღებს საუკეთესო ხარისხს, დანარჩენი კი ან იაფდება, ან საერთოდ იკარგება. ჩინურმა მოდელმა ეს ლოგიკა შეცვალა: პროდუქტი აღარ იყოფა „გასაყიდად ვარგისად“ და „დასაკარგად“. ის ნაწილდება ღირებულების მიხედვით.

სხვა სიტყვებით, ლიჩი აღარ არის ერთი პროდუქტი — ის არის სისტემა.

რაც გადის ევროპულ ბაზარზე, არის მხოლოდ ზედა სეგმენტი — ვიზუალურად სრულყოფილი, ზომით ერთგვაროვანი და ლოგისტიკურად გამართული პროდუქტი. მაგრამ ამ სისტემის ეკონომიკა არ დგას მხოლოდ ამ ნაწილზე. მისი სტაბილურობა სწორედ იმაშია, რომ დანარჩენი მოცულობა არ ქრება.

ეს არის ის წერტილი, სადაც ჩნდება ე.წ „სრული ღირებულების მოდელი“.

პროდუქტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ახალი პროდუქტის (fresh) ექსპორტის მოთხოვნებს, ავტომატურად გადადის სხვა კატეგორიაში — გადამუშავებაში. აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა გარეგნობას იმავე დონეზე; მნიშვნელობა აქვს შიდა ხარისხს. შედეგად, ერთი და იგივე მოსავალი ქმნის რამდენიმე განსხვავებულ პროდუქტს, რომლებიც სხვადასხვა ბაზარზე იყიდება.

ამ მოდელში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დანაკარგი პრაქტიკულად ნულამდე მცირდება.

ეს პირდაპირ ცვლის ბიზნესის ეკონომიკას. თუ ტრადიციულ სისტემაში 20–30% შეიძლება ჩაითვალოს დანაკარგად, აქ ეს ნაწილი ხდება დამატებითი შემოსავალი. ეს ნიშნავს, რომ ერთ ტონაზე მიღებული რეალური შემოსავალი იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ წარმოების მოცულობა იგივე რჩება.

სწორედ ამიტომ ჩინური ლიჩი კონკურენტუნარიანია ევროპაში — არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხარისხიანია, არამედ იმიტომ, რომ მისი წარმოება ეფექტიანია მთლიან ჯაჭვში.

ევროპელი იმპორტიორი ამ მოდელში ხედავს სტაბილურობას. ის არ მუშაობს მხოლოდ ერთ პროდუქტთან, რომელიც დამოკიდებულია სეზონზე და ხარისხის ვარიაციაზე. ის მუშაობს სისტემასთან, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ხარისხის ნედლეულის გარდაქმნა კომერციულ პროდუქტად. ეს ამცირებს რისკს და ზრდის სანდოობას.

ამავე დროს, მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტი რჩება პრემიუმი. ანუ, ზედა სეგმენტი არ ზარალდება — პირიქით, ის ძლიერდება, რადგან მთლიან სისტემაში დანაკარგი აღარ „აწვება“ ფასს.

აქ ჩნდება მნიშვნელოვანი პარადოქსი: რაც უფრო სრულად იყენებ პროდუქტს, მით უფრო მარტივად შეგიძლია შეინარჩუნო პრემიუმ ფასი.

საქართველოსთვის ეს მაგალითი პირდაპირი მინიშნებაა. ჩვენ ხშირად ვუყურებთ ექსპორტს როგორც ერთ შესაძლებლობას — ეს არის ახალი პროდუქტის (fresh) გაყიდვა. მაგრამ ამ მოდელში ექსპორტი მხოლოდ ერთი ნაწილია. რეალური ეკონომიკა იქმნება იმაში, თუ რა ხდება დანარჩენთან.

დღეს ჩვენს პირობებში ხშირად ხდება ასე: საუკეთესო ნაწილი გადის ბაზარზე, დანარჩენი კი იაფდება ან იკარგება. ეს ნიშნავს, რომ ფერმერი მუშაობს სრული რესურსით, მაგრამ იღებს არასრულ შემოსავალს.

თუ ეს „დანარჩენი ნაწილი“ გადაიქცევა პროდუქტად — მაშინ მთლიანად იცვლება სურათი. ფერმერი აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ ფასზე, ერთ ბაზარზე და ერთ სცენარზე.

საბოლოოდ, ჩინური ლიჩის მაგალითი გვაჩვენებს, რომ თანამედროვე აგრობიზნესში კონკურენცია აღარ იწყება მინდორში და არც მთავრდება ექსპორტზე.

ის იწყება იქ, სადაც ბევრს ჰგონია, რომ ყველაფერი დასრულდა — პროდუქტის მეორე ცხოვრებაში.

ლიჩი გლობალურ ვაჭრობაში

თქვენი რეკლამა