
თურქეთიდან იმპორტირებულმა 32 000 კგ პომიდორმა საკარანტინო კონტროლი ვერ გაიარა.
თურქეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული პომიდვრის 2 პარტია, რომელთა საერთო წონა 32,039 კგ იყო, სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე დააკავეს.
როგორც შემოსავლების სამსახურის შეტყობინებაშია ნათქვამი, სასაზღვრო საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, ფიტოსანიტარიული ინსპექტორის მიერ პროდუქტის შემოწმებისას, პომიდორზე აღმოჩნდა საკარანტინო მავნებლის – პომიდვრის სამხრეთამერიკული მენაღმე ჩრჩილისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი.
შესაბამისად, მითითებული პროდუქტი ექვემდებარება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას.
როგორც Business Georgia წერს, საქართველოში იმპორტირებული პომიდვრის 96% თურქეთზე მოდის. კერძოდ, ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 7,522 ტონა (5,358 აშშ დოლარი) პომიდორი შემოიტანეს, აქედან 7,224 ტონა თურქეთიდან შემოვიდა.
იანვარ-მარტში საქართველოში პომიდვრის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული:
- თურქეთი – 7224 ტონა (5,140 მილიონი აშშ დოლარი);
- აზერბაიჯანი – 235.21 ტონა (156.92 ათასი აშშ დოლარი);
- ირანი – 51.93 ტონა (36.37 ათასი აშშ დოლარი);
- ესპანეთი – 7.2 ტონა (14.87 ათასი აშშ დოლარი);
- ნიდერლანდები – 3.05 ტონა (9.77 ათასი აშშ დოლარი).