ევროკავშირის მხარს უჭერს საქართველოში სურსათის კონტროლის სიტემის შეფასებას FAO/WHO ინსტრუმენტის გამოყენებით.
2023 წლის ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, მოსამზადებელი შეხვედრები და ტრენინგები დაიწყო სურსათის კონტროლის სისტემის შეფასების მიმართულებით. ტრენინგები ქვეყანაში სურსათის უვნებლობის და სანიტარული და ფიტოსანიტარული სექტორების განვითარების ხელშესაწყობად ტარდება.
19 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (MEPA) გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საერთაშორისო სპეციალისტებმა წარადგინეს FAO-სა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტი. ღონისძიებას MEPA-სა და მის დაქვემდებარების ქვეშ არსებული სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის გამართულად მუშაობა და ისაუბრეს ამ სისტემის გადამწყვეტ როლზე მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და სურსათით ვაჭრობის სამართლიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად.
„მნიშნელოვანია, რომ FAO-ს მხარდაჭერით, გვაქვს ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ სურსათის კონტროლის სისტემის სიღრმისეული შეფასება. ეს ნიშნავს იმას, რომ გაანალიზდეს, ამ მიმართულებით არსებული მოცემულობა, საკანონმდებლო სივრცე, ადამიანური რესურსები, ინფრასტრუქტურა და სწორად განისაზღვროს ის საჭიროებები, რაც ჩვენ საქმიანობას უფრო მეტად გააუმჯობესებს“ – აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობით, FAO გამოთქვამს მზადყოფნას რათა, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელი შეუწყოს საქართველოში სურსათის კონტროლის არსებული სისტემის FAO/WHO ინსტრუმენტის გამოყენებით შეფასებას. შეფასების პროცესი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: კონტრიბუცია და რესურსები, კონტროლის ფუნქციები, დაინტერესებულ მხარეებთან ინტერაქცია და მუდმივად განვითარებადი სამეცნიერო/ცოდნის ბაზა.
„ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO ფოკუსირებულია საქართველოში სურსათის უვნებლობასა და სანიტარული და ფიტოსანიტარული სისტემის განვითარების პროცესის ხელშეწყობაზე. ეს გვაძლევს შესაძლებლობას მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებთან, რათა შევისწავლოთ სურსათის კონტროლის არსებული სისტემა და დავადგინოთ თუ რა მიმართულებით საჭიროებს ის გაუმჯობესებას. FAO-ს სახლით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ყველა იმ უწყებას, რომელმაც გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს პროცესში და მჭიდროდ ითანამშრომლოს FAO-ს შეფასების ჯგუფთან“ – განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.
შეფასების მიზანს სისტემის მუშაობის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და ამასთანავე, ხარვეზების იდენტიფიცირება წარმოადგენს, რათა სისტემის გასაუმჯობესებლად შემუშავდეს კონკრეტული რეკომენდაციები, საბოლოოდ კი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, განისაზღვროს პრიორიტეტული საკითხები და შემუშავდეს სტრატეგიული სამოქმედო გეგმა.
ღონისძიებაზე FAO-ს საორგანიზაციო და სასწავლო გუნდმა წარადგინა შეფასების პროცესი. შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა სხვადასხვა უწყების მხრიდან წარდგენილი საკონტაქტო პირების როლი და მოსალოდნელი სტრატეგიული შედეგები ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი FAO/WHO ინსტრუმენტის გამოყენებით სურსათის კონტროლის სისტემის შესაფასებლად.
„თვითშეფასების მეთოდოლოგიას აქვს მრავალი უნიკალური მახასიათებელი, რომელთაგან ერთ-ერთია საკვების კონტროლის სისტემის ჰოლისტიკური შეფასება, რომელიც გულისხმობს ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეჯერებას და მათ შორის მჭიდრო კომუნიკაციას“ – აღნიშნა FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა, სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის ოფიცერმა, მერი კენიმ.
20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში, გაიმართა ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად ამ შეფასებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სახელმწიფო ლაბორატორიის, შემოსავლების სამსახურისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განსაზღვრულმა საკონტაქტო პირებმა.
ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგის მოდული, მოიცავდა FAO/WHO-ს მიერ გლობალურად დანერგილი შეფასების ინსტრუმენტის ანალიზს, საკონტაქტო პირებისთვის კონკრეტული აქტივობების შესახებ ცოდნის გადაცემასა და განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმების სწავლებას.