
სომხეთის მთავრობამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე ირანიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ქვოტები დააწესა.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორის სრულფასოვანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად, რომელიც 15 მაისს შევიდა ძალაში.
დოკუმენტი ითვალისწინებს საბაჟო გადასახადების შემცირებას ან გაუქმებას ბევრ საქონელზე, მაგრამ ქვეყნებს უფლებას უტოვებს, დაადგინონ ქვოტები საქონლის იმპორტისთვის შიდა ბაზრის დასაცავად.
ამის შესაბამისად, ფრინველის ხორცისთვის დაწესდება 1000 ტონის ქვოტა, კარტოფილისთვის – 53 ტონის, პომიდვრისთვის – 364 ტონის, კომბოსტოსთვის – 388 ტონის, კიტრისთვის – 1791 ტონის და ტომატ-პასტასთვის – 365 ტონის.
ამ კვოტაზე მეტით იმპორტირებული საქონლის ტვირთი დაიბეგრება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სტანდარტული საბაჟო ტარიფებით (მაგალითად, პომიდორზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გადასახადი შეადგენს 10-15 ევროს ტონაზე, სეზონის მიხედვით).
აღსანიშნავია, რომ ირანში ბოსტნეულისა და ხილის წარმოების ღირებულება ძალიან დაბალია კარგი კლიმატური პირობებისა და შედარებით იაფი მუშახელის გამო. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება (მათ შორის პომიდვრის პასტის წარმოება) ასევე იაფია იაფი ენერგორესურსების წყალობით. ეს აიძულებს ირანის სავაჭრო პარტნიორებს დაიცვან თავიანთი ბაზრები.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არის საერთაშორისო ინტეგრაციული ეკონომიკური ასოციაცია, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. კავშირის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.