სომხეთი რუსეთში აგროპროდუქტების ექსპორტის გაზრდას გეგმავს

სომხეთი, რუსეთი, აგროექსპორტი

სომხეთი დაინტერესებულია რუსეთის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების გაფართოებით.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, იუწყება „სპუტნიკ სომხეთი“. მან აღნიშნა, რომ სომეხ მწარმოებლებს შეუძლიათ ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება, რომლებიც მოთხოვნადია, მათ შორის რუსეთის სამომხმარებლო ბაზარზე.

თუმცა, გრიგორიანის თქმით, ამ პოტენციალის რეალიზებისთვის აუცილებელია სერიოზული ყურადღება მიექცეს ლოჯისტიკისა და ურთიერთქმედების საკითხებს. „აგროსამრეწველო კომპლექსში მცირე და საშუალო საწარმოები, როგორც წესი, მაღალი ხარისხის მწარმოებლები არიან. გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის დიდ რუსულ ბაზარზე შესასვლელად, მათ მნიშვნელოვანი რესურსები და კოორდინაცია სჭირდებათ“, – განმარტა მან.

ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ აუცილებელია სატრანსპორტო სისტემის განვითარება, პროდუქციის სწორი კლასიფიკაცია და მიწოდების შეუფერხებელი ორგანიზების უზრუნველყოფა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარე პრაქტიკულ ძალისხმევას დებს ამ ბარიერების დასაძლევად და ლოჯისტიკის ხელშესაწყობად.

2024 წელს სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა თითქმის 1.6-ჯერ გაიზარდა და 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

წყარო: panarmenian.net

თქვენი რეკლამა