ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო დერეფანია. მისი გავლით ყოველდღიურად გადაადგილდება არა მხოლოდ ნავთობი და თხევადი ბუნებრივი აირი, არამედ სასუქების წარმოებისა და ვაჭრობისთვის აუცილებელი ნედლეულიც. სწორედ ამიტომ, რეგიონში შექმნილი ნებისმიერი დაძაბულობა სწრაფად აისახება საერთაშორისო აგრობაზარზე.
სპარსეთის ყურის ქვეყნები მსოფლიო ბაზარზე შარდოვანას, ამიაკისა და გოგირდის უმსხვილეს მომწოდებლებს შორის არიან. ეს პროდუქტები აზოტოვანი და ფოსფოროვანი სასუქების წარმოების ძირითადი კომპონენტებია. ექსპერტების შეფასებით, ჰორმუზის სრუტით გადის მსოფლიოში საზღვაო გზით ვაჭრობაში არსებული შარდოვანას დაახლოებით ერთი მესამედი და გოგირდის თითქმის ნახევარი. ამიტომ გადაზიდვების შეფერხება პირდაპირ გავლენას ახდენს სასუქების მიწოდებასა და ფასებზე.
2026 წლის პირველ ნახევარში რეგიონში შექმნილმა დაძაბულობამ გემების გადაადგილება მნიშვნელოვნად შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში გადაზიდვები თანდათან აღდგა და ჰორმუზის გავლით სასუქების ტვირთების მოძრაობა კვლავ დაიწყო, ბაზარი ჯერ კიდევ სრულად არ დაბრუნებულა ჩვეულ რეჟიმში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბევრი გადაზიდვა ძველი კონტრაქტების შესრულებას ემსახურება, ხოლო ახალი შეკვეთები კვლავ ფრთხილად იდება.
მიწოდების შეფერხებას თან ახლავს ტრანსპორტირების, დაზღვევისა და ლოგისტიკის ხარჯების ზრდაც. საბოლოოდ ეს ხარჯები სასუქების ფასში აისახება, რაც ფერმერებისთვის წარმოების თვითღირებულების ზრდას ნიშნავს. სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ქვეყანამ უკვე დაიწყო შიდა წარმოების გაძლიერება. მაგალითად, აშშ-მა დამატებითი 500 მილიონი დოლარის პროგრამა გამოაცხადა ადგილობრივი სასუქების წარმოების გასაფართოებლად, რათა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება და ბაზარი უფრო მდგრადი გახდეს.
საერთაშორისო ბაზრის ყურადღება ახლა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების სრულ აღდგენაზეა მიპყრობილი. თუ ლოგისტიკური ჯაჭვები სტაბილურად იმუშავებს, სასუქების მიწოდებაც ეტაპობრივად გაუმჯობესდება. თუმცა ნებისმიერი ახალი შეფერხება კვლავ გაზრდის ფასებზე ზეწოლას და გავლენას მოახდენს მსოფლიო სოფლის მეურნეობაზე.
აგროკავკასიის შეფასება: სასუქების ბაზარი მხოლოდ ქიმიური მრეწველობის საკითხი აღარ არის. იგი პირდაპირ არის დაკავშირებული გლობალურ ლოჯისტიკასთან და საერთაშორისო ვაჭრობასთან. ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობის სტაბილურობა მხოლოდ კარგი მოსავლით არ განისაზღვრება — არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხო და შეუფერხებელი მიწოდების ჯაჭვები, რომლებზეც მსოფლიოს მილიონობით ფერმერია დამოკიდებული.
ილუსტრაცია: ChatGPT (AI)
წყარო: Reuters

